1757679034
ყველამ კარგად ვიცით, რომ პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე - ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს და ყოფილ პროკურორს დღეს ბრალს წაუყენებენ. ლევან ხაბეიშვილი პოლიციის თანამშრომლებისთვის ქრთამის საჯაროდ დაპირების გამო დააკავეს. საუბარია 339-ე მუხლზე.
ხაბეიშვილთან ერთად დაკავებულია მურთაზ ზოდელავაც, რომელსაც ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვას, გაქცევას, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ძალადობას ედავებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და დაკავებულების ადვოკატი. ისინი აცხადებენ, რომ საქმეს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, ხაბეიშვილის დაკავება პოლიტიკური საქმეა.
"სუს-ი რასაც ამბობს, ყველამ კარგად ვიცით, რომ სამართალთან არანაირ კავშირში არ აქვს და პირდაპირ არის პოლიტიკური საქმე. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ პოლიტიკოსის დაპირებაზე, პოლიტიკოსის სიტყვებზე სუს-ს ასე ადამიანი დაეკავებინოს", - განაცხადა ხაბეიშვილის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.
განსხვავებულია შეფასებები მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ქრთამის დაპირება ზუსტად ისეთივე დანაშაულია, როგორც ქრთამის შეთავაზება და მიცემა. ასევე არსებითი განსხვავება არ არის ქრთამის დაპირების საჯაროობასა და ფარულობას შორის.