წამიყვანეს მოდულში, ჩემთვის უცნობი პიროვნება თავის არეში მირტყამდა მუშტებს. ვიღაცამ თქვა, მოდი დავტესტოთ, დენს ეს უძლებსო. გავყავარ ოთახიდან და უცებ უკნიდან მესმის „დაიჩოქე ბიჭო“- რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს - ირაკლი გედენიძე

ირაკლი გედენიძე

წამიყვანეს მოდულში. იქ გაჩერდნენ ცენტრალურ შესასვლელთან და რაციით ელოდებოდნენ დასტურს. მერე გადმოსცეს, რომ ვსო, შეყვანილები არიან და ეგეც შემოიყვანეთო, - განაცხადა „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა, ირაკლი გედენიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ირაკლი გედენიძე იხსენებს პერიოდს, როდესაც ის მოდულის შენობაში მიიყვანეს.

„სახლში, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, აღწერის პროცედურა რომ მიდიოდა, უფრო სწორად ჩხრეკის, რაციით იყო ერთხელ გადაძახილი, რომ ერთი თქვეს გიას მისამართი, მეორე თქვეს ვარკეთილი და მესამე აღარ მახსოვს, კარგად ვერ გავიგე. სამი მისამართი თქვეს და ჰო, ჰო ყველაფერი კარგად არის, წესრიგშიაო. შემიყვანეს მოდულში, ამიყვანეს მე-4 სართულზე, ბოლო სართული იყო და შემიყვანეს ჩვეულებრივ სამუშაო ოთახში. იქ იყო იგივე კითხვები, მე ვისთან მქონდა კავშირი, დანარჩენ ფოტოგრაფებს არავინ ახსენებს.

მე არ ვიცი კიდევ ვინ არის დაკავებული. მე ვიცი, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკავებული და ნათია იქ არ მინახავს სახლიდან გასვლის მერე. მოდულშიც ვიღაც ჩემთვის დღესაც უცნობი პიროვნება, თვალის ბუდიდან გადმოსული თვალები ჰქონდა, ის იყო ძალიან აგრესიული, თავის არეში მირტყამდა მუშტებს, რომ „აღიარე და აღიარე“ - არ ვიცი რა უნდა ვაღიარო, მითხარით რაში ვარ ეჭვმიტანილი მეთქი, ერთი და იგივე მეორდებოდა ცემა ტყეპის ფონზე. მოდი დავტესტოთო და მეთქი რა უნდა დატესტონ და ეს მაგას უძლებსო. მეთქი რას უნდა გავუძლო და მერე ვიღაცამ თქვა, ხო, დენს ეს უძლებსო და გამახსენდა 1992 წელი, სამოქალაქო ომი. საქმეს არ ეხება, მაგრამ მოკლედ გავიხსენებ. მაშინ სამი დღის მანძილზე მე ელექტროშოკით მაწამებდნენ ჩამოკიდებულს და კარცერში ვირთხა მყავდა სამი დღის მანძილზე, სანამ მიპოვეს. ისევ ჩემი პროფესიის გულისთვის რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება და სამეგრელოში ყოფნა გადავიღე. აი, ამისთვის დამიჭირეს პირველად. ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ცოტამ იცოდა ეს ისტორია და ეს მათ იცოდნენ, რომ ელექტროშოკი კი არა თითი რომ მომაჭრა, იმას ვერ გავიგებ დღეს.

გავყავარ ოთახიდან, ზურგზე მაქვს ხელები დაწყობილი, დერეფანში მივდივარ და ცემა-ტყეპას კიდევ გავუძელი და ვერ გავუძელი ჩემს გამოფენას. კედლებზე, ორივე მხარეს ჩემი გადაღებული ფოტოები იყო. ფაქტობრივად ჩემს გალერეაში გამატარეს და უცებ უკნიდან მესმის: „დაიჩოქე ბიჭო“, დავიჩოქე, „ახლა კეფაზე დაიწყვე ხელები“ და რომ ხვრეტენ ასეთ პოზაში დამაყენეს, პაუზა ჰქონდათ 10 წამიანი და „ვსო, დავაი წადი“ ამ სიტყვებით, ძლივს ჩავედი კიბეებზე, სარდაფში“-განაცხადა ირაკლი გედენიძემ.