1745957548
ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 50 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ოპოზიციონერს მთავარი საგამოძიებო უწყება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავება, რაც ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
დღევანდელ სხდომაზე მელიასთვის გირაოს შეფარდება პროკურორმა პოლიტიკოსის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხიდან გამომდინარე მოითხოვა, თავად ნიკა მელია ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ გამოძიება არც სიმართლეს და არც მართლმსაჯულებას არ ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა. აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.