Exclusive: „ორსული პატარძლობა არ შემიძლია. მინდა ყველაზე მეტად მე გავერთო. ამიტომ ჯერ მხოლოდ შვილის მოლოდინში ვართ“ - ცნობილი ოჯახიშვილების სიყვარულის ამბავი

nika

ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე შვილს ელოდებიან. ორი ცნობილი ოჯახის დანათესავება წყვილმა არც თუ დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, თუმცა წლებია, რაც ძალიან ახლო ურთიერთობაში არიან. ხმაურისა და ყვითელი პრესისგან მიმალვა მშვენივრად გამოუვიდათ. გამოდის, რომ იმ დროს, როდესაც ქეთის ლეკას როლმა ("ჩემი ცოლის დაქალებში") პოპულარობა მოუტანა, მისი გული უკვე დაკავებული იყო. 

ქეთი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილიშვილია. დედამ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ქალიშვილს ბებიის სახელი დაარქვა. ნებიერა უფროს შვილიშვილს ბებია-ბაბუის სახლში რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, ამაზე ქეთიმ "პრაიმტაიმის" მკითხველს ადრე უამბო...

ნიკა თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი ვაჟია. როგორც ქეთი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ყველაზე განსხვავებული არველაძეა, რადგან არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, საჯაროობა და "ფაბლიქ" ცხოვრება.

ეს 38 წლის ქეთის მეორე ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. ნიკასთან რვა წლიანი ასაკობრივი სხვაობა, თავდაპირველად, პატარა უხერხულ ბარიერს უქმნიდა. თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა; თითს თავართქილაძეების საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი უმშვენებს და... მომხიბვლელი წყვილი ოქტომბერში ვაჟს ელოდება. 

მოკლედ, ქეთი "პრაიმტაიმის" მკითხველს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპზე უყვება. 

ქეთი წიქვაძე: მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცვნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.

ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

 ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე "ვ-რძალ-ვ-დედამთილ-ვ-მამამთილობთ". დღეს კი ყველა ერთად ვართ პატარა ბიჭის მოლოდინში...

  ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო.

ოფიციალურობას რაც შეეხება, ნიკამ ბაბუას დანატოვარი საგვარეულო ბეჭედი მაჩუქა. ძალიან ნაზი ბრილიანტის ბეჭედია. ვერც წარმოიდგენ, რომ წლების წინანდელი ბეჭედია, იმდენად თანამედროვეა. შვილიშვილებისთვის  დატოვა ბეჭდები და ერთ-ერთი მე მხვდა წილად. ბავშვის გაჩენამდე ამით შემოვიფარგლეთ. 

ახლა ჩვენს ფიქრებში მხოლოდ შვილის მოლოდინია, მესამე ბიჭს ველოდებით და ეს ყველაზე მეტად გვაბედნიერებს. რაც შეეხება ასაკს, ჩვენს შორის 8 წელია სხვაობა. თავიდან მე მქონდა პატარ-პატარა ბარიერები, მაგრამ ნიკამ ყველაფერი მოახერხა და მიაღწია იმას, რომ არასდროს მახსენდება ეს სხვაობა.

არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენზე, რომ თითქოს წლებია დავქორწინდით. სინამდვილეში, ეს ყველაფერი რეალურად ახლა ხდება ჩვენს თავს...