გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1749845304
„ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის სიმრავლის გამო დაიწყო მხარდამჭერების მოგროვების კამპანია, რათა საქართველოს შეუჩერდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.
სოზარ სუბარის თქმით, ქართველების მსგავსად, დანაშაულს ჩადის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი და როცა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მხოლოდ საქართველოზე აკეთებს აქცენტს, ეს მის ტენდენციურობაზე მეტყველებს.
„პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებით.
როდესაც საუბრობენ დანაშაულის ჩადენაზე, რა თქმა უნდა ქართველები სჩადიან დანაშაულს, ისევე როგორც ამას აკეთებენ პოლონელები, რუმინელები, ბანგლადეშელები, აფრიკელები. ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით. ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გარკვეული ქვეყნების წარმომადგენლების და როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.