1748031443
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უნდა მოვემზადოთ, რომ აშშ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მიმართ დაკარგავს ინტერესს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ევროპელებს მოუწოდა მზად იყვნენ იმისთვის, რომ აშშ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მიმართ დაკარგავს ინტერესს.
სიკორსკიმ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში მისი არგუმენტების დასადასტურებლად მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ წარმოთქმული სიტყვა მოიყვანა.
ვენსმა მაშინ განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების მთელი ინფრასტრუქტურა აშშ-ის მიერ არის სუბსიდირებული, მიუხედავად იმისა, რომ არც ვაშინგტონი, არც ბრიუსელი არ არიან დაინტერესებულნი იმაში, რომ ევროპა ამერიკის ვასალი იყო.
„მოგვწონს ეს, თუ არა, ჩვენ, ევროპელებს არ შეგვიძლია თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი გვესმის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ შეერთებული შტატები სრულად დაკარგავს ინტერესს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გვქონდეს იმედი, მაგრამ ამავდროულად უნდა მოვემზადოთ“, - თქვა სიკორსკიმ.
„მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპა ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დგას: დიდი ქვეყნების ლიგაში ითამაშოს და მშვიდობის მარშში მიიღოს მონაწილეობა, თუ თავი გაწიროს მარგინალიზაციისთვის“, - დასძინა სიკორსკიმ.