ლევან ნიკოლეიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ის ყველაფერი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსთვის, მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის და ყველა მოქალაქისთვის

ლევან ნიკოლეიშვილი

ის ყველაფერი, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსთვის, მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის და ყველა მოქალაქისთვის, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გვითხრეს ერთი რამ, რომ თეთრი არის შავი, შავი არის თეთრი და ა.შ.

„ვიღაც ოპოზიციის ე.წ. ნარჩენები, რაღაც ჯგუფები თუ ამას ვერ ხვდებიან ან შეგნებულად იწონებენ, რომ ეს ასე უნდა იყოს, სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ სურათს, რაც ჩვენ გუშინ გვითხრეს, ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. გვითხრეს ერთი რამ, რომ თეთრი არის შავი, შავი არის თეთრი და ა.შ. არცერთი არგუმენტი, რომელზეც მათ ისაუბრეს, არ არის ფაქტებზე დაყრდნობილი. რას მოგვიწოდებენ? ყოველივე იმას, რაც მიმართულია იდენტობის, სუვერენიტეტის გაუქმებისკენ, მეტი არაფერი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თქვენ არ მიგიღებთ. ნუ მიგვიღებენ იმიტომ, რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. ასეთი ევროკავშირი და ასეთი ბიუროკრატია რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ან მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოები უნდა ჰყავდეთ, ან თუ არ არიან ასეთი სახელმწიფოები და პრინციპულ პოზიციებს ინარჩუნებენ, მაშინ მათ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აურიონ.

მათი მთავარი დანიშნულება არის, რომ იქნება რამენაირად რაღაც ჯგუფების მობილიზება გააკეთონ იმისათვის, რათა თურმე ჩვენ რა ცუდად ვიქცევით და ევროკავშირისკენ არ მიგვყავს ქვეყანა. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეში, გვინდა თუ არა ისეთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, რასაც დღეს ჰქვია ევროკავშირი. ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ჰქონდა ევროკავშირს შექმნის დღიდან რამდენიმე წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.