შსს: დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება

შსს ღამით

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.

„ამავე კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, რომლის მიმართაც გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე, ხოლო თავად მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება“, - განაცხადა დარახველიძემ.