გიორგი გახარიას არ დაუდია არანაირი პირობა. ეს საკითხი არ გამოდგება დაპირისპირების საგნად, რადგან პერსონალური გადაწყვეტილების საკითხია - ტატა ხვედელიანი საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე

ტატა ხვედელიანი

გადაიხდიან თუ არა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ დასწრებისთვის დაკისრებულ გირაოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერებს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას ვადა ჯერ კიდევ აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს, გირაოს არ გადაიხდიან, დიდი ალბათობით, ფულადი ჯარიმა პატიმრობით შეეცვლებათ.

ასე მოხდა ზურა გირჩი ჯაფარიძის შემთხვევაშიც, რომელიც სასამართლოდან პირდაპირ საპატიმროში გადაიყვანეს.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის საქციელი, რომლებმაც გირაო არ გადაიხადეს და პატიმრობა არჩიეს, "სამოქალაქო გამბედაობის აქტია."

"ეს ადამიანები არ აპირებენ რომ დაემორჩილონ უკანონო პარლამენტის უკანონო კომისიას და მერე იმ უკანონო ჯარიმას, რომელიც ამ უკანონო კომისიაში არგამოცხადების გამო მათ დაეკისრათ, ეს არის მათი სამოქალაქო გამბედაობის აქტი. მაინც, რა თქმა უნდა, კარგია და მნიშვნელოვანია, როდესაც მსგავსი ტიპის მოვლენების დროს უფრო მეტი ადამიანი ხვდება ერთიანობის მნიშვნელობას. ყველა ძირითად აქტორს შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება, რომ კომისიას არ ვცნობდით ლეგიტიმურად, შესაბამისად, მის საქმიანობაში არ ვაპირებდით მონაწილეობის მიღებას," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" წვერი, ტატა ხვედელიანი კი აცხადებს, რომ მათ ლიდერს არანაირი მსგავსი პირობა არ დაუდია.

"გიორგი გახარიას არ დაუდია არანაირი პირობა. ეს საკითხი არ გამოდგება დაპირისპირების საგნად იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პერსონალური გადაწყვეტილების საკითხი. ვიღაც მიიჩნევს, რომ უფრო მეტად ეფექტიანია ისეთი პოლიტიკის კეთება, რომელიც ითვალისწინებს გირაოს გადახდას, ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში სხვა ქვეყნიდან მონაწილეობს, ვიღაც მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტიანი იქნება მისთვის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობა ყველა მხრივ გაუმართლებელი ნაბიჯია.

"საქმე იმაშია, რომ ამ საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადება, ჯერ ერთი, იყო არალეგიტიმურ კომისიაზე გამოცხადება; მეორე - ეს იყო მორალურად გაუმართლებელი და პოლიტიკურადაც მიზანშეუწონელი.ჩვენ ვართ ძალიან მწვავე და მძიმე ბრძოლაში და იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არ გამოცხადებულიყვნენ, ის რისკიც გაითვალისწინეს, რომ ისინი შეიძლებოდა მოხვედრილიყვნენ ციხეში და ესე არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილი," - აცხადებს გიორგი სიორიძე.