1746023044
„ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, ერთი მხრივ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მეორე მხრივ - თავშესაფრის სისტემის ბოროტად სარგებლობის პრევენციას“ - ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში 20-დან 25 ათასამდე არალეგალი მიგრანტი იმყოფება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ზუსტი ციფრის დადგენა რთულია, რადგან ერთიანი აღრიცხვის სისტემა არ არსებობს. უცხოელ მიგრანტებთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე დარახველიძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
"მსოფლიოში ძალიან დიდი ტენდენცია არის მიგრაციული ნაკადების. მარტო 2023 წელს, 116 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, რომ დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანები მოძრაობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ მაქსიმალურად გაამკაცროს კანონმდებლობა და თავისი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან თანხვედრაში მოიყვანოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, მეორე მხრივ - თავშესაფრის სისტემის ბოროტად სარგებლობის პრევენციას. ეს სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან", - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.