პატივცემულო სტუმრებო, რადგან ომი ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

არარეალისტური პირობები რუსეთის მხრიდან - "როიტერსის" ცნობით, პირდაპირი მოლაპარაკებები სტამბოლში შედეგის გარეშე დასრულდა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ შეხვედრაზე მოსკოვმა უპერსპექტივო და შეუძლებადი პირობები წარადგინა - შეხვედრა 2 საათსაც არ გაგრძელდა.

სამ წლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას და რუსეთს შორის ეს პირველი პირდაპირი მოლაპარაკება იყო - დოლმა ბაჰჩეს სასახლეში ერთმანეთის პირისპირ იყვნენ დელეგაციები ერთი მხრივ უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მეორე მხრივ კი პუტინის თანაშემწის ხელმძღვანელობით. დარბაზში იყო თურქული მხარე.

მოლაპარაკებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა - ამ საუბრისთვის სტამბოლში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავიდა. უკრაინის მოთხოვნა ცეცხლის უპირობო და ხანგრძლივი შეწყვეტა იყო.

"ეს შეხვედრა არის პირველი პირდაპირი კომუნიკაცია მხარეებს შორის - 2022 წლის მარტის შემდეგ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რათა მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე, წინ წაწევა შევძლოთ. ყოველი დაგვიანებული დღე უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს.

პატივცემულო სტუმრებო, რადგან ომი ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას. აქ ერთ რამეს ხაზგასმით ვიტყვი: ჩვენ ერთად განვსაზღვრავთ შემდგომ ეტაპს - სწორედ ჩვენი არჩევანისა და ნაბიჯების შესაბამისად.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოლაპარაკებები ქვეყნების ლიდერების შეხვედრის საფუძველი გახდეს", - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.