VIDEO: რა მოხდა სტადიონზე „ლეგენდების მატჩის“ შემდეგ
1747429096
ოთხი ე.წ. კანონიერი ქურდი და შავ სამყაროსთან დაახლოებული 8 პირი, აქედან 10 უშუალოდ მონაწილეობდა საქმის გარჩევაში, ორი კრიმინალური ავტორიტეტის სახელი კი მეტი დამაჯერებლობისთვის გამოიყენეს.
საუბარია ათიათასობით დოლარზე, რომელსაც ქურდების დავალებით შავი სამყაროს წარმომადგენლები დაზარალებულებს ან პირდაპირ სძალავდნენ ან მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისთვის ითხოვდნენ.
სხვისი ავტომობილი გაყიდეს, ფული აიღეს, თუმცა მფლობელს დამატებით თანხის გადახდას მაინც აიძულებდნენ - დანაშაულებრივ სქემაში "კანონიერი" ქურდები, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
ფარული ჩანაწერები ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. მასალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
სატელეფონო საუბრების მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, მანუჩარ გასვიანი და ბაჩანა ნადარეიშვილი, მეტსახელად ბაჩო ტბილისკი, საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს, კრიმინალური მეთოდებით, ფინანსური დავების გადაწყვეტაში ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ თავადაც წილს ითხოვდნენ.
ფარული მასალა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებსაც ადასტურებს.
"კურიერის" ინფორმაციით, ჯგუფის წევრებმა 5 ე.წ. ქურდული შეკრების ორგანიზება მოაწყვეს. სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემა მალევე გაშიფრეს და 8 პირი დააკავეს. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სამს, მათ შორის, "კანონიერ" ქურდებს - ბაჩანა ნადარეიშვილს და მანუჩარ გასვიანს.
წარდგენილი ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების ინფორმაციით, არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად ჩაატარეს. ბრალდებულების ოჯახის წევრებს და ახლობლებს დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ სურთ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში უკვე დევს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუმცა არ არის გამორიცხული, როგორც დამნაშავე, ასევე დაზარალებულ პირთა რიცხვი გაიზარდოს.
საქმეში მტკიცებულებების სახით დევს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები - ის ნივთმტკიცებები, რომლებიც სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს.