არქეოლოგებმა კოლიზეუმში საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

კოლიზეუმი

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ძველი რომის კოლიზეუმში იყო საიდუმლო გვირაბი, რომელიც საზოგადოებისგან იყო დაფარული. მათ აღმოაჩინეს, რომ ეს იყო მიწისქვეშა VIP გასასვლელი, რომელიც რომის იმპერატორებს არენიდან შეუმჩნევლად გასვლის საშუალებას აძლევდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ და მეორე საუკუნეებს შორის - კოლიზეუმის აშენებიდან ათწლეულების შემდეგ.

გადასასვლელი ამჟამად საზოგადოებისთვის ღიაა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, იმავე ბილიკებზე გაიარონ, რომლებზეც რომის იმპერატორები დადიოდნენ.

დღეს გვირაბი დაახლოებით 55 მეტრის სიგრძისაა. ის 2000 წლის წინ უფრო გრძელი იყო, თუმცა მისი ნაწილი საუკუნის წინ კანალიზაციის მილების გაყვანისას განადგურდა.

გვირაბი კოლიზეუმის სამხრეთ ტრიბუნაზე მდებარე მთავარ ადგილს, საიმპერატორო ლოჟამდე, მიემართება. ის ტრიბუნების ქვეშ და მიწისქვეშაც კი გადიოდა, რაც იმპერატორს შეუმჩნევლად გასვლის საშუალებას აძლევდა. ასევე ითვლება, რომ ის იმპერატორს საშუალებას აძლევდა გლადიატორები ეწვია მათ დარბაზში, ახლომდებარე პრესტიჟულ გლადიატორთა საწვრთნელ სკოლაში, „ლუდუს მაგნუსში“ გამართულ ბრძოლამდე.

არქეოლოგებმა გვირაბს სახელი ერთ-ერთო რომაელი იმპერატორის საპატივსაცემად დაარქვეს, რომელიც, სავარაუდოდ, მას იყენებდა: იმპერატორ კომოდუსის, იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ეფექტური მმართველის, რომელიც, როგორც წესი, თავად იბრძოდა არენაზე. 

„კომოდუსს არ ჰქონდა იმპერატორად ყოფნისთვის საჭირო სტატუსი - ის ძალიან ახალგაზრდა იყო, არ ჰქონდა საკმარისი სამხედრო მიღწევები, არ იყო დიდი ორატორი - ამიტომ ცდილობდა ამის კომპენსირებას მამაკაცურობის დემონსტრირებით“, - განუცხადა Daily Mail-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის კლასიკური მეცნიერებების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დოქტორმა ენდრიუ სილეტმა.