1749577630
10 ივნისს ცაზე "მარწყვის მთვარე" გამოჩნდება - როგორ დავინახოთ

10 ივნისს, საღამოს, ცაზე "მარწყვის მთვარე" გამოჩნდება.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს გაზაფხულის ბოლო სავსე მთვარეა. გარდა ამისა, იგი ცაში ყველაზე დაბლა გამოჩნდება ამ წლის სავსე მთვარეებს შორის, რომელთა დანახვაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან შეიძლება. შესაბამისად, იგი ერთ-ერთია იმ სავსე მთვარეთაგან, რომლებიც წელს მზისგან ყველაზე მეტადაა დაშორებული.
სავსე მთვარე 11 ივნისს იქნება, თბილისის დროით დილის 11:45 საათზე. მთვარის დასანახად ეს საკმაოდ ადრეა, ამიტომ ამ ფენომენზე დასაკვირვებლად საუკეთესო დრო 10 ივნისის საღამო იქნება — როცა შებინდებისას მთვარე ცის თაღზე გამოჩნდება.
როგორც ვებგვერდი Timeanddate.com განმარტავს, ამ სავსე მთვარეს სახელი ველური მარწყვის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ამ თვეში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მწიფდება. შესაბამისად, ცაზე მარწყვის შესახედაობის მთვარეს არ ვიხილავთ. აღნიშნული მოვლენა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სახელით გვხვდება. რამდენიმე მათგანია: მწვანე სიმინდის მთვარე, აყვავებული მთვარე, ყვავილის მთვარე, ცხენის მთვარე, ვარდის მთვარე და სხვა.
თუ მთვარის ამოსვლისას მის ზედა მარჯვენა კუთხეს შეხედავთ, კაშკაშა ვარსკვლავ ანტარესსაც დაინახავთ. ის ღრიანკლის თანავარსკვლავედშია, ჩვენგან კი 550 სინათლის წელი აშორებს.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან დაკვირვებისას ივნისის სავსე მთვარე წლის განმავლობაში ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ პოზიციაზეა ხილვადი. ეს იმიტომ ხდება, რომ სავსე მთვარე, განმარტების თანახმად, ცაზე მზის საპირისპირო მხარეს არის, ანუ იგი ცაზე მზის მდებარეობას "სარკესავით" იმეორებს.
2025 წელს ზაფხულის ბუნიობა თბილისის დროით 20 ივნისს, ღამით, მოხდება. ამ დროს მზე ცაზე ყველაზე მაღლაა. შესაბამისად, სავსე მთვარე წლის განმავლობაში ყველაზე დაბლა გამოჩნდება. ჩვენი თანამგზავრი შებინდებისას სამხრეთ-აღმოსავლეთის ცაზე ამოვა; შემდეგ სამხრეთის ცისკენ გადაინაცვლებს; გამთენიისას კი სამხრეთ-დასავლეთით ჩავა.
სავსე მთვარეებს შორის მარწყვის მთვარე მზისგან ერთ-ერთ ყველაზე შორ დისტანციაზეა. ამის მიზეზი ისაა, რომ მზის გარშემო დედამიწის ორბიტა ელიფსურია. სხვა სიტყვებით, ორბიტაზე ერთი წერტილი მზესთან ყველაზე ახლოსაა, ერთი წერტილი კი — ყველაზე შორს.
ყველაზე შორეულ წერტილს აფელიონი ეწოდება. წელს იგი 3 ივლისს დაფიქსირდება. იმის გამო, რომ სავსე მთვარე მზის საპირისპირო მხარესაა, სწორედ ამ პერიოდშია დედამიწის თანამგზავრი მზისგან ყველაზე შორს მთელი წლის განმავლობაში.