1749757476
კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოტე იოსელიანი იკითხება.
საქმე ეხება მისი მეუღლის, თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდა აიძულეს.
„ეს იყო კლასიკური გატაცება, მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო, თუკი ამ საკითხზე, რაიმესთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.
რაც შეეხება იმას,რატომ არ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, კოტე იოისელიანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს.
„მე მქონია გარკვეული შეხება სამართალდამცავ სტრუქტურასთან, ამით ვამაყობდი და ვიამაყებ, თუმცა დღესდღეობით შსს არ არის ორგანო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ზუსტად ვიცი, ეს პროცესიც, რაც აქ გაიმართება, იქნება უბრალო ფორმალობა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ შსს მოქალაქეების, მით უმეტეს ასეთი პოლიტიკური საკითხის შესახებ რეალურ გამოძიებას ჩაატარებს“, – აღნიშნა კოტე იოსელიანმა.
კოტე იოსელიანმა 8 ივნისს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მოგვიანებით თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მასზე ზეწოლა განახორციელეს და ამის შემდეგ ჩაწერა უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდის ვიდეო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.