32 კგ მორფინი ტკივილის გასაყუჩებლად

11:37 07-10-2018
97

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს ტკივილის გარეშე ცხოვრებას. ძლიერი ტკივილი მკვეთრად აქვეითებს და ანადგურებს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს, ტკივილის გარეშე ცხოვრება ნებისმიერი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი გაუყუჩებლობა წამების ტოლფასია. ცხადია, რომ დაავადებათა უმეტესი ნაწილი შეძენილი, ქრონიკული ან თანდაყოლილია. უკურნებელი სენი მძიმე ასატანია როგორც ავადმყოფისთვის, ისე მისი ოჯახის წევრებისთვის. ხშირად მძიმე ავადმყოფის ახლობლები რთული გადაწყვეტილების წინაშე დგანან: ნებისმიერ ფასად უნდა გაუხანგრძლივონ მას სიცოცხლე, მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი ცხოვრების მანძილზე დაიტანჯება, თუ სანამ ცოცხალია, შეუნარჩუნონ ცხოვრების საუკეთესო პირობები. ასეთი ადამიანების უმეტესი ნაწილი ძირითადად პალიატიურ მზრუნველობას არჩევს, რაც გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებულისთვის სულიერი, სოციალური და  ფსიქოლოგიური  მხარდაჭერის აღმოჩენას. მისი ამოცანაა სასიკვდილო სენით დაავადებული ადამიანისთვის ტკივილის გაყუჩება.

აღნიშნულ საკითხთან „შეაჩერე ტკივილი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში ახალგაზრდა ფოტოხელოვანების გამოფენა გაიმართა. გამოფენის პარალელურად ტკივილის მართვის ექსპერტებმა საზოგადოებას გააცნეს ის პრობლემები, რასაც საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტები განიცდიან.

ფოტოგრაფი, ციცი ჩხეიძე (ინდიგო): „გამოფენასთან დაკავშირებით ფეისბუკით დამიკავშირდა ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომაწოდა ინფორმაცია ტკივილის მართვის მართვის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ათასობით ადამიანი იტანჯება ფიზიკური მდგომარეობიდან გამოწვეული ტკივილებით და ამ პროცესთან გასამკლავებელი საშუალებები მიუწვდომელია მათთვის. ეს პროცესები, რა თქმა უნდა, იწვევს მენტალურ ცვლილებებს და უდიდეს სულიერ ტკივილის. თემატიკა ჩემს ფოტოგრაფიულ სტილთან საკმაოდ ახლოსაა. ვეცადე, კადრის სცენირებაში გამომეხატა ეს სიუჟეტი. ჩემს ფოტოზე არის დეპრესიაში მყოფი ადამიანი, რომელიც აპათიურია და თავისი ფიზიკურ-სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ კონცენტრირდება და ვერ ახერხებს საყვარელი საქმიანობის გაგრძელებას“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებში ტკივილის ადეკვატურად მართვას მომხმარებელი ოპიოიდების რაოდენობით აფასებს. საქართველოს მოსახლეობაში ტკივილი რომ ადეკვატურად ყუჩდებოდეს, ყოველ წელს შესაბამისი დაავადებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტებისთვის საშუალოდ 32  კგ მორფინი უნდა იხარჯებოდეს, რეალურად კი დაახლოებით 8 კგ იხარჯება. როგორც ტკივილის პოლიტიკის   ექსპერტმა  ფატი ძოწენიძემ „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ძლიერი ტკივილის გაყუჩებისათვის საჭირო ოპიოიდების დანიშვნა საქართველოს რეალობიდან გამომდინარე შესაძლებელია მხოლოდ უკურნებელი პაციენტებისათვის დაავადების ტერმინალურ სტადიაში „სიცოცხლის დასასრულს“ და ეს უკანასკნელი რთული განსასაზღვრია, რადგან არ არის განმარტებული თუ რა პერიოდს მოიცავს; რის გამოც მისი თქმით, ოპიოიდების დანიშვნაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალი  ხშირად საერთოდ თავს არიდებენ ოპიოიდების დანიშვნას, რომ  აიცილონ ოპიოიდების დანიშვნის პრაქტიკასთან დაკავშირებული მათი სამედიცინო საქმიანობის გამოძიება.

„დღესდღეობით, საქართველოში თუ არ კვდები, ტკივილს არ გიყუჩებენ. პრობლემა არის ის, რომ ტკივილი არის ყველაზე ხშირი სიმპტომი ქრონიკულ და  ინკურაბელურ პაციენტებში. უკურნებელ პაციენტებში ტკივილი თავისით არ ყუჩდება და   მოითხოვს  მედიკამენტის საშუალებით მართვას,  ამისთვის საჭიროა შესაბამისი სიძლიერის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია ოპიოიდი, რომელიც სახელმწიფო რეგულაციების კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტს მიეკუთვნება. საქართველოს კანონი აღიარებს სამედიცინო მიზნებისთვის ოპიოიდების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნორმატიული აქტები მკვეთრად ზღუდავს მედიკამენტის დანიშვნის შესაძლებლობას და მხოლოდ იმ პაციენტების წრეს განსაზღვრავს, რომლებიც დაავადების ტერმინალურ სტადიაზე იმყოფებიან. ოპიოიდების დანიშვნის, გამოწერისა და გაცემის პროცედურა ხორციელდება კვირაში ორჯერ, კონკრეტულ სამუშაო დღეებში. ძლიერი ტკივილი მქონე პაციენტს რამდენიმე დღის მოცდა უწევს, რომ დაენიშნოს ან გაეზარდოს მორფინის დოზა. შესაბამისად, სახელმწიფომ გადააჭარბა – 1961 წლის  ნარკოტიკულ საშუალებებზე ერთიანი კონვენციის “უსაფრთხოების მოთხოვნებს,  და რეგულაციები იმდენად მკაცრი გახდა, რომ პრაქტიკულად შეზღუდა სამედიცინო მიზნებით მათი მოხმარება“, – ამბობს ფატი ძოწენიძე და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით პირობების გასაუმჯობესებლად უნდა მოხდეს ნორმატიული დოკუმენტების ლიბერალიზაცია და სახელმწიფო პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს  ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქებას, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია .

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლის ნინო კიკნაძეს განცხადებით, საქართველოში ქრონიკული ტკივილის მართვა არ ეფუძნება ტკივილის არსს და არ არის მორგებული პაციენტის საჭიროებებზე.

„ფონდ „ღია საზოგადოებას“ და პალიატიურ მზრუნველობას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. პალიატიური მზრუნველობა ითვალისწინებს ქრონიკული, უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის არა მარტო მკურნალობას, არამედ მათზე ზრუნვას. ამ ადამიანებს სიცოცხლის გარკვეულ ეტაპზე ტკივილის გაყუჩება ესაჭიროებათ და ყველა ადამიანი იმსახურებს ტკივილის გარეშე ცხოვრებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა და საჭიროებს მოგვარებას. მაგ.: ისეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, როგორიცაა მორფი, ხშირად ხელმიუწვდომელია ადამიანისთვის ძლიერი ტკივილის დროს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ ცნობადობა საზოგადოებაში და მოვამზადოთ საკანონმდებლო ცვლილებები იმისთვის, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან და სწორედ იმ პროცესში ვართ, რომ ერთობლივად ვმუშაობთ საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებზე. აგრეთვე, ჩვენ დავიწყეთ პროექტი – პაციენტის უფლებების ცხელი ხაზი 599 193 344; 598 205 205 სადაც ასეთ პაციენტებს კვალიფიციური ადვოკატები გაუწევენ სრულიად უფასოდ სამართლებრივ დახმარებას“, – განაცხადა ნინო კიკნაძემ.

გაზეთი "პრაიმტაიმი".