პარიზის „მოდის კვირეულზე“ კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი გამოჩნდება - „საქართველოში ჩემი ადგილი არ მოიძებნა“ – exclusive

17:15 07-02-2018
388

დღეს პარიზის „მოდის კვირეულზე“ ქართველი დიზაინერი, ფატუნა ბუშიჰედი წითელი ხალიჩის კლასიკური სამოსის ხაზსს გაცოცხლებს პოდიუმზე. ჩვენ მას პარიზში ინტერნეტით დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ერთი პროფესიით სტომატოლოგი ვარ. სულ ვხუმრობ ხოლმე, როდესაც ახალი კბილი ვერ გამოვიგონე, ტანსაცმლის შემოქმედი გავხდი-მეთქი. ამერიკაში გავიარე შესაბამისი კურსები, რომ ვიღაცას ჩემზე არ ეთქვა, სტომატოლოგია, ამან რა იცის ფეშენისო.

- კონკეტულად სად ისწავლეთ?

- სტენ ფორდის უნივერსიტეტში გავიარე შესაბამისი, მოდელირების კურსები. თუმცა მანამდე კოლექციები უკვე მქონდა გაკეთებული. ეს უნივერსიტეტი დიპლომისთვის დამჭირდა. ამის მერე ჩემი მოღვაწეობა იწყება ამერიკაში: მაიამი, ნიუ იორკი და ა. შ. ამ დროს 28 წლის ვიყავი და უკვე იქაური შოუბიზნესის წარმომადგენლები მცნობდნენ. ძალიან მალე ვიაიპი დიზაინერის სტატუსიც მივიღე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩემს ჩვენებებზე მხოლოდ სელებრითებს იწვევდნენ. მერე როგორც ხდება ხოლმე, ჩემს სამოს იცვამდნენ წითელ ხალიჩებზე, გადაღებებზე. ჩემი სამოსით იღებდნენ ფოტოსესიებს ჟურნალის გარეკანებისთვის. 4 წელია უკვე პარიზის მოდის ფედერაციამ ამიყვანა, პაკო რაბანის პიარმენეჯერებმა დაიწყეს ჩემი ბრენდის მენეჯმენტი.

- ფატუნა, სად არის ამჯამად თქვენი საცხოვრებელი?

- სახელოსნო მაქვს საქართველოში, სადაც იქმნება ჩემი კოლექციები და შემდეგ გადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჩვენებებზე. უკვე  4 წელია პარიზის მოდის კვირეულზე გამოვდივარ.

- გახსოვს, თქვენი პირველი ჩვენება პარიზის მოდის კვირეულზე?

- ეს იყო მოლოდინის ემოცია. არ ვიცოდი როგორ მიმიღებდა სამყარო, რომელსაც შანელი, დიორი, ივსენ ლორენი ჰყავთ. ეს მათი სახლია. და უცებ პატარა ფატუნა პატარა საქართველოდან და პრეტენზია გაქვს იყო ჰოტკუწიურ დიზაინერი, ანუ ხელნაკეთი სამოსის დიზაინერი. ე.ი.რაღაც ახალი უნდა თქვა. ვთქვი ის, რაც შიგნით მქონდა, რომ არ ვხმარობდი ღილს, ელვა შესაკრავს.

- დღემდე არ ხმარობთ?

- კი დღემდე ასეა. ეს ორგანული გახდა. აჩემებაცაა და ვთვლი კიდეც, რომ არ სჭირდება ჩემ სამოს ეს დეტალები. როდესაც სამოსს ვქმნი, მე მათთან კონტაქტი მაქვს. შეიძლება ეს ვიღაცისთვის სასაცილოც იყოს, მაგრამ რეალურად ასეა. სამოსი თავად მეუბნება, რომ არ სჭირდება ეს დეტალები და მეც დაღაცნაირად ვუჯერებ.

- მარტივი არ იქნებოდა ამ საზოგადოებაში თავის დამკვირდება, პარიზის „მოდის კვირეულზე“ ქართველი დიზაინერის გარბრწყინება არ უნდა ყოფილიყო ადვილი. დაგეხმარათ ვინმე?

- ჩემი სამოსი ჩემზე საუბრობს. თუ რამეს მივაღწიე ეს ჩემი კაბების დამსახურებაა. დიორის და შანელის გვერდით ერთი მოდის კალენდარში რომ წერია შენი სახელი, ეს ცოტა არაა. უბრალოდ ვაჩვენე პარიზში რა შევქმენი და პირველი ჩვენების მერე დამარქვეს „ახალი ქარი მოდის სფეროში“, რომელიც დიდი პასუხისმგებლობას მაკისრებდა უკვე.

- რატომ საქართველოში არ დაქრის ეს ქარი?

- საქართველოში არ აინტერესებთ ფატუნა.

- სცადე?

- რა თქმა უნდა, ერთ-ერთ „მოდის კვირეულზე“ მივიღე მონაწილეობა საქართველოში. 36 კოსტიუმი ქართული დეტალებით შევქმენი, თავისი ფეხსაცმლით. მეორედ, როცა ამერიკის წარმატებების შემდეგ კიდევ ვცადე, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა უფლება საქართველოში გამომეტანა ჩემი სამოსი, მითხრეს, რომ არ აქვთ ადგილი ჩემთვის.

- ეს იყო ალბათ გულსატკენი...

- რა თქმა უნდა, მაგრამ მერე ამაზე მეცინებოდა. ახლა უკვე თავად აღარ მაქვს სურვილი. ყველას, ვისაც ფატუნა აინტერესებს, ჩემს ჩვენებებზე ჩამოდის პარიზში, ვისაც საშუალება არ აქვს ინტერნტით მიყურებს.

- მე ვიცი, რომ თქვენს ერთ-ერთ ჩვენებაზე ნამყოფია ჯექსონის მამაც.

- კი და ეს იყო ძალიან დიდი სიხარული. როცა დავინახე ცრემლები წამომივიდა. მერე მოვიდა, შემაქო, ჩემს კაბებს შეეხო, ეს საოცარი ემოცია იყო. მაშინ მეგონა რომ უკვე ვარსკვლავი ვიყავი. და თურმე ყველაფერი წინ მქონდა.

- შეგიძლიათ, გვითხრათ რამდენიმე ცნობილი სახე, ვისაც თქვენი სამოსი ამშვენებს?

- რომელი ერთი გითხრათ, „მის საფრანგეთი 2015“, ელეონორა ბოკორა, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა 2015 წელს ფატუნას კაბით, მსახიობები, მომღერლები...

- კრისტიანუ რონალდუს დედას აქვს კიდევ თქვენი კაბები...

- კი. 7 კაბა მოეწონა ფოტო გადაღებისთვის. და ვინაიდან რამედნიმე ვერ მოირგო, პარიზიდან რომ დავბრუნდები, უნდა შევქმნა ახალი სამოსი მისთვის.

- ჩემს მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს თქვენი გვარის წარმომავლობა.

- ბუშიჰედი არის ჩემი შეყვარებული ქმრის (ასე ვეძახი, იმიტომ რომ ჯერ ჩემი შეყვარებულია და მერე ქმარი) გვარი. ჩემი გვარი გიორგაძეა, მაგრამ 15 წელია მეუღლის გვარს ვატარებ. ამერიკელი ინდიელი-ჩეროკია ჩემი ქმარი.

- დღეს თქვენი ჩვენება გაიმართება პარიზის „მოდის კვირეულზე. რას ელით ამ ჩვენებისგან?

- მაგარ ემოციებს. დღევანდელი ფატუნას ხაზი უფრო გაზრდილი და საკუთარ თავში დარწმუნებულია. 5 წელია წითელი ხალიჩის კაბების კოლექცია არ გამიკეთებია, მხოლოდ ინდივიდუალურად ვქმნიდი აქამდე. დღეს კლასიკური წითელი ხალიჩის კაბების ჩვენება მაქვს.

- დიდი გამოხმაურება ჰქონდა დემნა გვასალიას ჩვენებას, პარიზის „მოდის კვირეულზე“. თავად ნახე ალბათ ჩვენება ლაივში.

- კი, ვნახე. მართლაც მოახერხა ამ ბიჭმა, სმოფლიო აელაპარაკებინა. ეს უკვე ძალიან დიდი ამბავია.

- იმედია იგივეს მოახერხებთ თქვენც. დღეს წინ ჩვენება გაქვთ.

- კი. ფატუნაზე წერს მსოფლიო, მაგრამ სამწუხაროდ არა ქართული პრესა, იშვიათი გამონაკლისის გარდა და მადლობა თქვენ ამისთვის.

- წარმატებებს გისურვებთ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი