პატიმარი, რომელსაც ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებას ედავებიან, შიმშილობას იწყებს, მისი ოჯახის წევრები კი - აქციებს

11:59 06-25-2018
85

იურისტ კახა კვაშილავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი თევზაძე უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით დღეიდან შიმშილობას იწყებს, მისი ახლობლები კი ხვალ, საქალაქო სასამართლოსთან, 15:00 საათზე აქციას აანონსებენ.

როგორც ადვოკატმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, საქმე კი ამ დროისთვის სააპელაციო სასამართლოშია. 

იურისტის თქმით, გიორგი თევზაძეს ბრალად 2017 წლის 23 სექტემბერს, გამთენიისას, თბილისში, ანთელავას ქუჩაზე დანის მუქარით ტაქსის მძღოლისგან 20 ლარის წართმევას სდებენ, რისთვისაც თავდაპირველად მოწმის სახით დაკითხეს, შემდეგ კი დააკავეს.

"მოცემულ საქმეზე სასამართლო მხოლოდ დაზარალებული ტაქსის მძღოლის ჩვენებას დაეყრდნო, რომელთანაც მსჯავრდებულს არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს. საქმეზე არის ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომელმაც ვერ დაადგინა შემხებლობა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან, ასევე ჩატარებულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა გიორგი თევზაძის ყოფნა აღნიშნულ მანქანაში. ასევე დაკითხულია ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ პიროვნება, რომელთანაც კონფლიქტი ჰქონდა ტაქსის მძღოლს, არ ყოფილა გიორგი თევზაძე. სასამართლომ უგნორირება მოახდინა ამ ყველა მტკიცებულების და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, რაც დაუშვებელია", - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, ვიდრე გიორგი თევზაძეს დააკავებდნენ, არასასურველ პიროვნებად მოიაზრება ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილებისთვის.

"კერძოდ, მისი ოჯახი არაერთხელ იყო შევიწროებული პოლიციის მიერ. იყო უსაფუძვლო დაკითხვები, ჩხრეკები სახლის, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთხელ ადგილი ჰქონდა მუქარას. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ყაჩაღობა მოხდა დანის მუქარით და დანაშაულის იარაღის აღმოჩენის მიზნით არ ხდება ზუსტად ამ დროს სახლის ჩხრეკა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დღეს გიორგი თევზაძე "შეკერილი საქმით" 9-წლიან უკანონო პატიმრობაში იმყოფება. გამქრალია კამერების ჩანაწერებიც. ტაქსი ზაარბრუკენის მოედნიდან ვორონცოვის მიმართულებით გადაადგილდებოდა, სადაც უამრავი სათვალთვალო კამერაა, სააფთიაქო ქსელის, კვების რამდენიმე ობიექტი და ჩანაწერები გამქრალია. გიორგი თევზაძე დღეიდან აცხადებს შიმშილობას, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და მოუწოდებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, მხარდაჭერა აღმოუჩინონ, რადგან თვლის, რომ ის მანკიერი სისტემის მსხვერპლია", - აცხადებს ადვოკატი.