თსუ-ში დაწყებული სიყვარულის ლამაზი ისტორია - ფოტოები (Exclusive)

12:23 02-22-2018
794
თეგები: თსუქორწილი

"პრაიმტაიმის" ორიგინალური ქორწილის დღის სტუმარია ანუშკა დარჩია და გივი ბოჭორაძე. წყვილმა ერთმანეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიცნო და სოციალური ქსელით დაწყებული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. პირველი ინიციატივა გივიმ გამოიჩინა და ექვს თვეში გოგოს გულის მოგება საბოლოოდ მოახერხა. 

გაცნობა და მოვლენების განვითარება
მე და ჩემმა მეუღლემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დავამთავრეთ, კურსელები ვიყავით და ერთმანეთიც სწორედ თსუ-ში გავიცანით, დავმეგობრდით, მაგრამ ახლო მეგობრებიც არ ვყოფილვართ, ხშირად ვერც ვნახულობდით ერთმანეთს, ინტერნეტის საშუალებით ვსაუბრობდით ერთ საერთო მეგობართან ერთად, ეს საუბრები პირად მიმოწერებში გადაიზარდა და ერთ დღესაც მითხრა რომ ვუყვარდი. მე არ დავუჯერე, გაოცებული ვიყავი, კარგად არც ვიცნობდით ერთმანეთს და ვერ წარმომედგინა როგორ შევუყვარდი, არც შეყვარებულის ყოლის სურვილი მქონდა და მეგონა, რომ ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგებოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. 6 თვე ცდილობდა ჩემთვის დაეჯერებინა რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა და საბოლოოდ მოახერხა კიდეც ერთმანეთის ადამიანები გავმხდარიყავით. 4 წელი ვიყავით შეყვარებულები, ერთმანეთის  საუკეთესო მეგობრები და მესაიდუმლეები, ერთმანეთის ყველა პრობლემით, გასაჭირით თუ წარმატებით ერთნი ვიყავით. ეს წლები ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია, ბევრი კარგი მოგონებით და თავგადასავლით.

ნიშნობა და საქორწილო სამზადისი
ერთმანეთის ოჯახებთან ძალიან დავახლოვდით და თითქმის ისედაც ერთი ოჯახი ვიყავით, ქორწინებაზეც ვსაუბრობდით ხოლმე, თუმცა არ ვჩქარობდით. გაზაფხულზე უკვე რაღაცეების დაგეგმვა დავიწყეთ, შემოდგომაზე ვფიქრობდით ქორწილს, თუმცა არა დაზუსტებით, ამიტომაც ხელის თხოვნა ჩემთვის მაინც სიურპრიზი იყო. ნიშნობა ქობულეთში მომიწყვეს, მეგობრებთან ერთად ვისვენებდით. ყველაფერი დაგეგმილი ქონდათ და როგორც შემდეგ აღმოჩნდა ძალიან ემზადებოდნენ ამ დღისთვის. ჩვენს საყვარელ რესტორანში შევიკრიბეთ საღამოს და უცებ ჩვენივე აღმოჩენილი ქუჩის მუსიკოსები გამოჩდნენ, ჩვენ საყვარელ მელოდიას უკრავდნენ და სწორედ ამ მელოდიის ფონზე მთხოვა ხელი. ქორწილის ყველა დეტალი ჩვენ დავგეგმეთ, ამიტომ ბევრიც ვინერვიულეთ და ხშირად ვკამათობდით.

ჯვრისწერა
ჯვარი ანანურში დავიწერეთ, ფოტოსესია კი გუდაურში გვქონდა. მთა ძალიან მიყვარს, ერთადეთი ადგილი სადაც აუცილებლად უნდა მქონოდა ფოტოსესია მთა და მთის ხედები იყო. ფოტოგრაფია ჩემი ჰობია, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქორწილის კარგი ფოტოები მქონოდა, ფოტოგრაფებს განსაკუთრებული ყურადღებით ვარჩევდი, არჩევანმაც გაამართლა, საუკეთესო გუნდი გვიღებდა, ოლია პაპასკირი და ნიკო მდინარაძე. საოცარ ფოტოებთან ერთად ზღაპრული ქორწილის ვიდეორგოლი მივიღე შოთა წერეთელისგან.

რჩევა მომავალ პატარძლებს
ყველა პატარძალს ვურჩევდი რომ ეს დღე კარგად დაგეგმონ და დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ ფოტოებს, რომ ეს მნიშვნელოვანი დღე ლამაზად აღიბეჭდოს, ყურადღება არ მიაქციონ იმ პატარა ხარვეზებს რაც შეიძლება გამოჩნდეს ქორწილის დღეს და ბოლომდე ისიამოვნონ მათი დღით.  

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე