„უცბად გავხდი ნევროზული ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ეშინია“ - „თვალები რომ გავახილე რეანიმაციაში ვიყავი“ - exclusive

11:50 02-13-2018
702

იმისთვის, რომ ახალი კაბა ჰქონოდა, ბევრი ემოგზაურა და არაერთი წიგნი ეყიდა, ლუბა ელიაშვილი არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. იყო ძიძაც ჩვილ ბავშვთა სახლში, ფოსტალიონიც, ვიტრინების მხატვარიც და რეფერატების წერაშიც იღებდა ფულს. დედა რომ არასდროს აქებდა, ამის გამო სულ წუხდა. სულ ორჯერ ახსოვს დედის კოცნა. პირველად, როცა სკოლა მედალზე დაამთავრა და მეორედ, როცა შვილი ეყოლა.

შვილების მამაც თავად აირჩია, ბევრად ადრე, ვიდრე ის გადაწყვეტდა ტელეწამყვანის ცოლად მოყვანას.

ლექტორიც გახლდათ. 14-წლიანი პაუზის შემდეგ ლუბა ელიაშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა. ამას წინ მძიმე ავადმყოფობა უძღოდა. 

„დიალოგი“ – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განახლდა და რომლის პირველი სტუმარიც პრეზიდენტი გახლდათ. ჩვენ ქალბატონ ლუბას შინ ვესტუმრეთ.

 

ქალბატონო ლუბა, გილოცავთ ეკრანზე დაბრუნებას... თქვენი ლექსიდან ამონარიდს გავაცნობ ჩემს მკითხველს... „მეგონა, წამართვეს ლამაზი სიკვდილი...

და დამეკარგა ის ერთი შანსი, 

ბევრისთვის გული დამეწყვიტა, 

წასვლისთვის ჯერაც ახალგაზრდა

მოულოდნელად მოვმკვდარიყავი“… გვიამბობთ ამ რთულ პერიოდზე?

– ჰემორაგიული ინსულტი დამემართა. კაპილარი აღარ დამრჩა ტვინში, რომ არ გამწყდარიყო... საოცარ მწვანე მდელოზე აღმოვჩნდი, რომელიც ხალხით იყო სავსე. მათ შორის ჩემი ახლობლები, მეგობრებიც იყვნენ. დავით შალიკაშვილი გამოვარჩიე ყველაში, რომელიც 6 თვის გარდაცვლილი იყო. უცბად მამაჩემმა მოირბინა და მითხრა, ბებიაშენმა შემოგითვალა, შენი ადგილი აქ არ არისო და უკან გამომაგდო. იქვე ვხედავდი ბებიასაც. თვალი რომ გავახილე, რეანიმაციაში ვიყავი. 2013 წლის 11 ნოემბერს დამემართა ინსულტი. სანამ მივხვდებოდი, რომ ინგოროყვას მრავალპროფილიანი კლინიკის რეანიმაციაში ვარ, მეგონა, სალხინებელში მოვხვდი, როგორც ამბობენ, განსაწმენდელში. ეტყობა, ჯოჯოხეთისთვის ვერ გამიმეტეს. როგორც ჩანს, სამოთხეც ვერ დავიმსახურე და აქეთ იმიტომ გამომგზავნეს, რომ გავთავისუფლდე. ძალიან ბევრი ადამიანი იყო რეანიმაციაში. რევოლუცია მოვაწყვე, პალატაში გადაყვანას ვითხოვდი. ჯერ საერთოდ თავისუფლებაზე გასვლა მინდოდა (იღიმება), არადა მთელი მარჯვენა მხარე პარალიზებული მქონდა. საოცარი ის იყო, რომ მეტყველების უნარი არცერთი წამით არ დამიკარგავს. სულ შემეძლო ლაპარაკი, თან იმდენი, რომ ვერ მაჩერებდნენ. 

– ბევრ კითხვას სვამდით, ალბათ...

– ძალიან ბევრს. კითხვებსაც და მონოლოგებითაც გამოვდიოდი. ლექსებს ვკითხულობდი ზეპირად. რატომღაც რუსულად დავიწყე ლაპარაკი. როგორც აღმოჩნდა, ჩვეულებრივი ამბავია მარჯვენა მხარის გაჟონვისთვის, უცხო ენაზე იწყებ ლაპარაკს. ერთი ამერიკელი წერდა, ინსულტის შემდეგ ფრანგულად ველაპარაკებოდი ცოლსო... ბოლოს მკითხეს, რა ეროვნების ხარო, საბჭოთა განათლების პროდუქტი ვარ-მეთქი, ვიმართლე თავი. 

– შიშის პერიოდი იყო? ფიქრობდით, რომ აქ დამთავრდა, ამის იქით არაფერია...

– ჩემი ახლობლების გამო მეშინოდა. მანამდე ზედმეტად თავხედი ვიყავი, ბევრი რამის არ მეშინოდა. უცბად გავხდი ნევროზული ადამიანი, რომელსაც ყველაფრის ეშინია. პალატაში რომ ვიწექი, მიწისძვრაზე ლაპარაკობდნენ. სულ მეშინოდა, მართლა არ მომხდარიყო მიწისძვრა. წარმოვიდგინე, როგორ მიპოვიდნენ ნანგრევებში. შიშველი ვიქნები, ნეტავ თუ მოვახერხებ, რამე გადავიფარო, რომ არ შემრცხვეს-მეთქი, ვდარდობდი. ჩემ დას ვეხვეწებოდი, არ დამტოვო-მეთქი. როცა გვერდითა პალატაში მეთოდისტი პაციენტს მასაჟს უკეთებდა, მისი საწოლის თავი ჩვენს კედელს ეჯახებოდა. აი, ამ ხმის მეშინოდა, მეგონა, მიწისძვრა იყო.

– ალბათ, ძალიან რთულია, გააცნობიერო, რომ ერთ დროს ძალიან ცნობილი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ლექტორი უფუნქციოა...

– ეს რომ გადამეტანა, ძალიან სასაცილო თამაში მოვიგონე. ვითომ ეს ამბავი იმიტომ მოვიგონე, რომ დედაჩემი გამეახალგაზრდავებინა, იძულებული გამეხადა, კიდევ ყოჩაღად იყოს და დიდხანს იცოცხლოს. დედაჩემს გავუხდი მოსავლელი და ჩემს დას, რომელსაც შვილი არ ჰყავს, შვილი გავუჩნდი. მე ხომ შენი ბაია ვარ-მეთქი, ვეუბნებოდი ჩემს დას, რომელიც მართლა პატარა ბავშვივით მივლიდა. ისე შორს შევტოპეთ ამ თამაშ-თამაშში, რომ ჩემი ქალიშვილი, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, ჩემს დას ეკითხება, შენ და დედიკო რომ თამაშობთ, რომ ის შენი შვილია, ეგ ხომ მართლა თამაშია, თუ დედას მართლა ასე ჰგონიაო (იცინის). შეეშინდა, ხომ არ გაგიჟდაო... მანამ სანამ ეს დამემართებოდა, სოციალურ ქსელში ხშირად მხვდებოდა თვალში გაფრთხილება, რომ ინსულტიანების ასაკი ძალიან დაპატარავდა და იყო რჩევები, პირველადი დახმარება. რჩევებს შორის იყო თითების დაჩხვლეტა ნემსით და სისხლის გამოდენა პაციენტისთვის. ორი დღით ადრე ჩემს დას ვასწავლე, როგორ უნდა მოქცეულიყო ასეთ დროს, თუ დამემართებოდა... გონს რომ მოვედი, ვკითხე, მართლა გააკეთე-მეთქი? კიო, მითხრა. თურმე მატყუებდა. 

– პრეზიდენტის მეუღლესთან მეგობრობთ...

– კი, მაკა ჩემთან მუშაობდა „მეცხრე არხზე“. საავადმყოფოში მოვიდა ჩემს სანახავად. ვნერვიულობდი, რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მივალ და გლოვა დამხვდება-თქო, მაგრამ შენ ისეთი ხალისიანი განწყობით ხარ, დავმშვიდდიო, მითხრა. აქეთ ვაწყნარებდი ახლობლებს, მნახველებს. აღმოჩნდა, რომ ყველა ექიმს არ ესმოდა ჩემი იუმორი. ექთნები ორ ბებოს ახსენებდნენ ხოლმე, ერთი, რომელიც სულ კვნესოდა და მეორე – არაადეკვატური. აღმოჩნდა, რომ ეს არაადეკვატური ბებო მე ვიყავი (იცინის). ჯერ ის არ მესიამოვნა, რომ ბებო ვიყავი და მერე ის, რომ ბებოსთან ერთად – არაადეკვატურიც (იცინის). 

– მეც მქონდა კითხვები მომზადებული. მაგალითად, თუ გიფიქრიათ სუიციდზე... მაგრამ თქვენ ისეთ სახალისო ამბებს მიყვებით, თან ისეთი იუმორით...

– მე ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე, იმისთვის მოხდა, რომ სამოთხეში მოვხვდე, რაკიღა ჯოჯოხეთში არ ყოფილა ჩემი ადგილი. ამ ამბით კიდევ ერთი კარგი რამ მოხდა. რწმენაში შევედი მართლა მთელი გულით. ახლა უკვე სულიერი მოძღვარი მყავს, მარხვის შენახვასაც ვცდილობ, ლოცვებსაც ვკითხულობ. და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩვენი ბუტბუტი ღმერთს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ნერვული სისტემა დავალაგოთ, დავამშვიდოთ. კიდევ ერთი რამ მაჩვენა ამ ავადმყოფობამ. როგორ ვუყვარვარ ადამიანებს, ეს ჩემთვის ბედნიერებაა, უდიდესი ბედნიერება. განსაცდელი ტყუილად არასოდეს მოდის. განსაცდელი დიდი სიკეთეა. მთელი ცხოვრება მეშინოდა უძლურების. აღმოჩნდა, რომ უძლურებაშიც არის თავისი სიამოვნება. ამ დროს ხედავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ და რამდენს უნდა შენთვის ხელის გამოწვდა.

– რას ურჩევთ მათ, ვისაც ხელი აქვს ჩაქნეული, ვისაც ჰგონია, რომ დამთავრდა და ამის იქით არაფერია...

– თვითირონია, მეტი თვითირონია...

– ეს შესაძლებელია ამ დროს?

– შესაძლებელია. მონდომებაა მთავარი. ამ მხრივ, ჩემი მასწავლებელი იყო ელდარ რიაზანოვი. ისე ხუმრობდა თავის თავზე და ისეთ ლექსებს წერდა... წაიკითხეთ მისი ლექსი Цикл Успеха... დამიჯერეთ, შველის.

– დედა არ მაქებდაო, ერთხელ მითხარით... ეს მიდგომა ამართლებს?

– არ ვიცი. მე ამან დამაკომპლექსა. დედა ძალიან ლამაზი იყო ახალგაზრდობაში – თეთრი და ცისფერთვალება. ამ ლამაზ მერის ეს შავტუხა გოგო რატომ ეყოლაო, ბიძაჩემი ხუმრობდა. არც ისე ცუდი შავტუხა ვიყავი. ხინჯად მქონდა გულში. მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ყველაზე უშნო ვიყავი (იცინის). ერთხელ ჩემმა შვილმა ელენემ, რომელსაც ასევე ცისფერი თვალები აქვს, ბებოსავით, მითხრა, დედიკო, არ ინერვიულო, მახინჯი თვალები რომ გაქვს, მე მაინც მიყვარხარო. ისე გავბრაზდი, ვუთხარ, მე რომ მახინჯი თვალები მქონოდა, ტელევიზორში არავინ წამიყვანდა-მეთქი (იცინის).

– უშნოზე გამახსენდა... როგორ იყო, ბავშვობაში ულამაზო შეყვარებული რომ გყავდათ და ლამაზზე რომ ამბობდით, ეს მიყვარსო?

– რა მექნა, მეორე უფრო პოპულარული იყო, ყველას ის უყვარდა... ნამდვილ შეყვარებულს ჩემი ბიძაშვილის სახელი ერქვა და ცოტათი ჰგავდა კიდეც იმას, ალბათ, ამიტომ მომეწონა. ერთხელ ეზოში ხელი ჩამკიდა და დამაბზრიალა. ჩემთვის ეს ბზრიალი ძალიან მძიმე იყო, თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ მეთამაშა...

– მე უფრო ადრე გადავწყვიტე, შალვას ცოლად გავყოლოდი, ვიდრე თავად გადაწყვეტდაო... ეს როგორ მოახერხეთ?

– ეს ამბავი ახლა ზუსტად და დარწმუნებით ვიცი. დიდხანს ვმუშაობდი ოჯახური კონფლიქტების ფსიქოლოგად. კაცებს კი ჰგონიათ, რომ თვითონ ირჩევენ ქალებს, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. ყოველთვის ქალს პირველს მოსწონს და მერე აძლევს საშუალებას კაცს, ეგონოს, რომ თვითონ მოეწონა. 

– თქვენი პირველი გადაცემა ვნახეთ ეთერში. რა შეგრძნება იყო – ნერვიულობა, ღელვა, მონატრება...

– შესანიშნავი შეგრძნებაა, ეს ისე მიყვარს... ეგონათ, ქუდის ხმა შემაშინებდა და არ უშვებდნენ ყურში... მაგრამ ამ ხმას ისეთ ტონუსში მოჰყავხარ... პირველი გამარჯობა რომ უნდა უთხრა მაყურებელს... საოცარი ღელვაა. დაახლოებით იმას ჰგავს, საყვარელ ადამიანს ეკლესიაში ჯვრის დასაწერად რომ მიჰყვები. ასეა ჩემი შეხვედრაც მაყურებელთან. 

– წარმატებებს გისურვებთ.

– დიდი მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი