მთავარი თემა

პროკურატურა სააკაშვილისთვის შიდა პატიმრობას ითხოვს

7 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

12:19 12-07-2017
155

7 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია, დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეს აღნიშნავს.  დღესსწაულთან დაკავშირებით, დღეს ტაძრებში, ღვთისმსახურება ტარდება.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.

ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა:

 

 „მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე: მისი მშვენება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განაგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“.“

გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.

ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა. 

სწორედ ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე იმპერატორი მაქსიმიანე ჩავიდა. ვინც ქრისტეს აღიარებდა, ყველას სიკვდილით სჯიდნენ, დიდმოწამე ეკატერინემ ხმამაღლა აღიარა თავისი სარწმუნოება. მეფე მოიხიბლა ქალწულის სილამაზით. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია.

იმპერატორმა წმინდანი საპყრობილეში გამოამწყვდია. მეორე დღეს ეკატერინე სამსჯავროზე წარადგინეს და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ მან არ დათმო სარწმუნოება. შემდეგ ცოლობა შესთავაზა იმპერატორმა, ეკატერინემ კი განაცხადა, რომ ზეციური სიძის – ქრისტეს ერთგული რჩებოდა, ილოცა და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. მარტვილს თავი მოჰკვეთეს. 
ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565; ხს. 27 ნოემბერს) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე