მთავარი თემა

2 ახალი მინისტრი, 4 გაუქმებული სამინისტრო

კანდიდატზე შეიარაღებული თავდასხმა ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს - მიხეილ ბენიძე

15:58 10-20-2017
15

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა საარჩევნო პროცესს ზიანს აყენებს.

მიხეილ ბენიძე "პრაიმტაიმთან" საუბარში სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს სა მსგავსი ფაქტები სამართალდამცავებმა დროულად, გამჭვირვალედ და ეფექტურად უნდა გამოიძიონ.

"საარჩევნო პერიოდში, მით უმეტეს, არჩევნებთან ასე ახლოს, კანდიდატზე შეიარაღებული თავდასხმა, ბუნებრივია არის ძალიან პრობლემური და საარჩევნო პროცესს ზიანს აყენებს. მიუხედავად იმისა, ამ შემთხვევაში იყო თუ არა პოლიტიკური მოტივი, ფაქტი არის სერიოზული, როდესაც ფიზიკურად ხდება დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა პოლიტიკურ პირებზე. მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიება ეფექტურად დროულად და გამჭვირვალედ იმუშაოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია",- განაცხადა ბენიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ამ ფაქტზე იყოს გამოძიება, არამედ სხვა ძალადობის, ზეწოლა/მუქარის ფაქტებზე იყოს ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან.

"ვგმობთ ასეთ ფაქტს. წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს თავისუფალი, ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებებისგან და მით უმეტეს ისეთი ქმედებებისგან, სადაც იარაღის გამოყენებით ესხმიან თავს კანდიდატებს",- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

ავტორი: ლიზი არსოშვილი