გმირი - გიორგი აბიათარი - "ჩვენ სიკვდილის არ გვ­ეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართ!''

14:37 08-08-2017
192

,,ჩვენ სიკვდილის არ გვ­ეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართ!'' _ ასე დაუძახებენ დედებს გიორგი აბიათარი და გოჩა ილურიძე ჯარში წასვლისას, უკვე სამარშრუტო ტა­ქსში ჩამსხდრები...

გიორგი აბიათარი დედისერთაა, სამხედრო სავალდებულო სამსახ­ური არ ეხება. 18 წელი შეუსრულდ­ება თუ არა, მაინც წავა... 2 თვეც არ იმსახურებს - ომი და­იწყება. მუხლზე პრობლემები ჰქონ­და, ომში არ მიჰყავთ, კომისია უნდა გაიაროო. პირველი მანქანიდან ჩა­მოსვამენ. მეორე მაინქანაში ავა და ომში მაინც წავა...

გიორგი აბიათარი კოჯორში დაიბადა 1990 წლის 5 აპრილს, იზ­რდებოდა დედოფლის წყაროს რა­იონში, სოფელ ჯაფარიძეში. დალხ­ენილი ბავშვობა არ ჰქონია. დედისერთა იყო, მაგრამ ოჯახს უჭირდა და ვერ ანებივრებდნენ.

      ლიზა აბიათარი, დედა:

`შრომა უყვარდა, დაუზარელი იყო, მუდამ გვერდში მედგა, დიდი ადამიანივით შრომობდა, რომ წამოიზარდა ცუ­ლი აიღო ხელში, მეზობლებს შეშის ჩეხვაში ეხმარებოდა, ერთი-ორი კა­პიკი რომ დარჩენოდა... ძალიან თბ­ილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა მეგობრები... უყვარდა ფეხბურთი, ჭიდაობა...

ხშირად უყურებდა სათავგადასავ­ლო ფილმებს, ამბობდა, მე სიკვდი­ლის არ მეშინია და აუცილებლად უნდა წავიდე ჯარშიო...

~ გიორგი აბიათარმა 9 კლასის დამთავრების შემდეგ, კოლეჯში ჩა­აბარა მექანიზაციის ფაკულტეტზე. 2008 წლის 5 აპრილს გიორგის 18 წელი შეუსრულდა.

      დედა:

,,ძალიან მინდოდა მისი დაბადების დღე რომ აღმენიშნა, აღვნიშნეთ, მაგრამ ბევრის დაპატი­ჟება ვერ შევძელი და მოვუბოდიშე, ყველა ვერ დაგიპატიჟე-მეთქი. მო­მეხვია, მერე რა მოხდა, 19 წლის თუ სამხედრო ნაწილში გავხდები, 20 წლის ხომ სახლში ვიქნები და მა­შინ გადავიხადოთ დიდი დაბადების დღეო"...

დედამ გადაუხადა დაპირებუ­ლი დიდი დაბადების დღე, ყველა იყო  - თანაკლასელები, ნათესავები, ჯარის მეგობრები. აღარ იყო გი­ორგი...

გიორგი ვეღარც 19 წლის გახდა, ვეღარც ოცის... დედისერთას ჯარში წასვლა არ ეხებოდა, მაინც წავიდა.

            დედა:

,,დედისერთა იყო ჯარში არ მიჰყავდათ, მისი კლასელები მიდიოდნენ და ამბობდა, მეც აუცი­ლებლად უნდა წავიდეო და წავიდა თავისი ინიციატივით. გოჩა ილურიძესთან ერთად იყო სამარშრუტო ტაქსში, ფანჯარა გააღეს და დაგვ­იძახეს, ჩვენ სიკვდილის არ გვეშინ­ია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მი­ვდივართო.

27 მაისს წავიდა ჯარში. სასჯელაღსრულების დეპარტამენ­ტში იყვნენ, კარანტინს როდესაც მორჩნენ, მკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში გადავიდე თუ დაცვაში დავრჩეო. ნათესავებსაც ჰკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში ურჩი­ეს.

კრწანისში მსახურობდა. ყოველ შაბათ-კვირას ვაკითხავდი, არასოდ­ეს დაუწუწუნია, მაშინაც კი, როცა მუხლზე პრობლემები შეექმნა. 27 ივლისს ღუდუშაურის კლინიკაში მყავდა, მისი მდგომარეობა რომ ნა­ხეს, უთხრეს სამსახურიდან გაგი­შვებთო. უარი თქვა, სამსახურს არ მივატოვებ, უბრალოდ, ცოტა ხანი დრო მომეცით, რომ ვიმკურნალოო. 9 აგვისტოს კომისია უნდა ყოფილი­ყო, უნდა გამოეშვათ... კარგი უფრო­სობა ჰყავდა, ყურადღებას აქცევდ­ნენ... ბოლოს მაშინ ვნახე,

27 ივლი­სს, ღუდუშაურის კლინიკაში რომ მყავდა... მთელი დღე ხელი ჰქონდა გადახვეული და მიყვარხარო, მიმე­ორებდა... რომ გამომაცილა, ჩამეხუ­ტა და ისე დამემშვიდობა.... მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია... 2 აგვისტოს ელიაობაა და მითხრა, შენ ნუღარ ჩა­მოხვალ, დედი, მე ჩამოვალო... ომში რომ მიდიოდნენ, გიორგი არ მიჰყავდათ, მანქანიდან ჩამოუს­ვამთ, შემოწმება გაქვს გასავლელ­იო, მაგრამ მანქანაში მაინც ასულა, შემდეგ უკვე გორში უნახავთ, ტყვიაწამალს რომ ურიგებდნენ.''

გიორგი აბიათარი 8 აგვისტოს, ერედვში დაიღუპა - მტრის ჩამოგდ­ებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვე­რპლა.

            ელიკო ზედელაშვილი, მასწავლებელი:

,,გიორგი ცელქი, დაუდეგ­არი, უსაზღვროდ კაცთმოყვარე, მე­გობრებისთვის თავგანწირული ბიჭი იყო. ისტორიკოსობაზე ოცნებობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. მი­უხედავად იმისა, რომ დედისერთა იყო, სრულებითაც არ იყო ჩაკეტი­ლი. ტრიალებდა ყველგან, სკოლაში, მეგობრებში, მეზობლებში. ბოლო შეხვედრისას დიდი სიყვარულით და სიამაყით მითხრა: მე ჯარში წავე­დიო. მე კი გავეხუმრე: მაშ მშვიდად ვიყო გიორგი-მეთქი? დიახ, გჯერ­ოდეთ ჩემიო. დავიჯერე გიორგი, დავიჯერე...''

           დედა:

,,მისი თანაკლასელი, ხვიჩა ქოქუაშ­ვილი გიორგი­სთან ერთად იყო ომში, ის მიყვებოდა, ერედვში, ზოგი მაღლობზე ყო­ფილან, ზოგი ქვემოთ. ცოტა ხნით ჩრდილში ისვენებდნენ. მაღლობზე მყოფებს რომ დაუნახ­ავთ, თვითმფრინავები მოდიანო, დაუძახიათ, დაწექითო. დაწოლილან, მაგრამ კასეტური ბომბი ჩამოვარდ­ნისთანავე არ აფეთქებულა, ბიჭები წამომხტარან და აფეთქებულა კი­დეც...

4 ბიჭი იყო ერთად და ოთხივე ამ ბომბმა იმსხვერპლა. ბიჭებს რომ დაუნახავთ, გამოქცეულან საშველ­ად, ჩემი გიორგი უკვე გარდაცვლ­ილი ყოფილა"...

დედის გულმა იგრძნო თავს და­მტყდარი უბედურება:

-  "რაღაცას ვგრძნობდი, ერთ ად­გილას ვერ ვჩერდებოდი. სულ ტე­ლევიზორს მივჩერებოდი, იქნებ რამე გამეგო, ხან ხვიჩას დედასთან ავდი­ოდი, იქნებ იმან გაიგო რამე-მეთქი, სადაც ხალხს დავინახავდი შე­კრებილს, იქ მივდიოდი, ჩე­მს დანახვაზე იშლებოდნ­ენ...

მიკვირდა რა ჭირთმეთქი, მეზობელთან მივედი, გიორგის ვერ ვუკავშირდები, გა­მომყევი, ბილაინის ბარათი მაყიდინე, დამეხმარე-მეთქი, ეს რომ ვთხოვე, მე­ზობელმა ზურგი შემაქცია, მეორე მეზობელს უთხრა: წაიყვანეო...

თუ­რმე ყველამ იცოდა ჩემი უბედურება, სოფელში მოსულან და უთქვამთ, როგორ მივიდეთ დედამისთანო... როგორმე უნდა გავაგებინოთო. ჩემს დისშვილთან მისულან, ჩემ დასთან... მეზობლები შინ არ მიშვებდნენ, მა­რტო არ მტოვებდნენ... ჩემი მეუღლე მოვიდა მერე, დაიხარა, მაკოცა. გა­მიკვირდა, რა მოუვიდა-მეთქი. ჩემს მეუღლეს უკვე სცოდნია რომ შვილი აღარა გვყავს... მითხრა, წადი სახლ­ში, მეც მალე მოვალო. მივედი სახლ­ში, ჩემი და ჩამოიყვანეს, ჩემმა დამ სახლში შემიყვანა, ჩემმა დისშვილმა შემომაპარა, გიორგი დაჭრილიაო...

11 საათზე დარეკავენ და გვეტყვიან სიმართლესო. თურმე 11 საათსელ­ ოდებიან, რომ მოასვენონ გიორგი. მთელი სოფელი ჩემთან სახლში იყო, მთელი სოფელი ფეხზე იდგა, ერთად მოასვენეს ჩემი შვილი და ილურიძე...

14 აგვისტოს დავკრძალეთ ჯაფა­რიძეში. ბიჭები ხშირად ადიან გიორ­გის საფლავზე...

ძალიან რთულია და გაუსაძლისი გიორგის გარეშე ცხოვ­რება. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, ძალი­ან უნდოდა, რომ ფორმა სცმოდა... ძალიან თბილი და კარგი დედაშვილობა გვქონდა. შვილი რომ მეყოლება აუცილებლად შენი სახელი უნდა და­ვარქვაო, მპირდებოდა...

გარდაცვალების შემდეგ დაჯი­ლდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. რაიონის ცენტრში გაკეთდა მემორიალური დაფა და მოედანი, რომელსაც `სამშ­ობლოსთვის თავდადებულის'' სახე­ლი დაერქვა... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურ­ნალიაო, მაგრამ არა, რაც დრო გა­დის, სულ უფრო და უფრო მენატრ­ება ჩემი შვილი... ერთადერთი ისღა მაცოცხლებს, რომ მისი სულისთვის ვილოცო. მე გამწარებული, მაგრამ მაინც ამაყი დედა ვარ, რადგან გმირი გამიზრდია. ჩემი შვილი სამშობლოს ერთი­ანობას შეეწირა. გიორგის მსგავსად დაღუპული ბიჭების სახელები ის­ტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერ­ება, როგორც გმირების...

~ ნათელა იაკობიშვილი, გიორგის მეზობელი:

"ძალიან კარგი, სათნო, ზრდილი ბავშვი იყო. მამა არ ჰყავ­და, ობლობაში იზრდებოდა, დედამ გაჭირვებაში გაზარდა მეზობლების დახმარებით. ყველას გვაქვს ჩვენი წვლილი შეტანილი მის გაზრდა-და­ვაჟკაცებაში. დაუზარელი ბიჭი იყო, რა უნდა გეთხოვა, რომ არ გაეკეთ­ებინა... ალბათ, დედის გული გრძნობდა, რაღაცას, წინა დღეებში, სანამ გი­ორგი დაიღუპებოდა, ლიზა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ხან ჩვ­ენთან შემოდიოდა ხან მეორე მე­ზობელთან. თან თავს იმშვიდებდა, თან ნერვიულობდა, ვაიმე, ჩემს გი­ორგის კი არ წაიყვანენ ომში, მაგრ­ამ რამდენი ბიჭი წავიდა და რამდ­ენი იღუპებაო...

იმ დღეს, როცა გი­ორგი დაიღუპა, დედამისმა საერ­თოდ დაკარგა მოსვენება, მთელი დღე აღმართ-დაღმართ დადიოდა, ყველა მეზობელთან შედიოდა, ვერ ვისვენებო... ვანუგეშებდით და­წყნარდი ლიზა გიორგის ომში არ წაიყვანენო, მაგრამ ვერაფრით ვა­წყნარებდით... ბევრი მსმენია ომზე, წამიკითხ­ავს, მაგრამ გიორგის დაღუპვამ ომის საშინელება, სულ სხვანაირ­ად განმაცდევინა...…

8 აგვისტოს გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი, ვი­ცოდით მეზობლებმა, მაგრამ დე­დამისს ვერაფერს ვეუბნებოდით, მის მალულად ყველა ვტიროდით. როდესაც უკვე უნდა მოესვენები­ნათ, გამოუვალი სიტუაცია იყო, უნდა გვეთქვა... მე მომიწია დე­დამისისთვის მძიმე და საშინელი სიტყვების თქმა, ლიზა გამაგრდი, გიორგი აღარა გყავს-მეთქი. ლი­ზას გიორგი აღარ ჰყავს, მას გმირი გიორგი ჰყავს...''

           მეგობრის წერილი

"მინდა ყველამ იცოდეს, რო­გორ იბადებიან და კვდებიან გმირები. მეგიოს მეგობარი ვარ. მე მას ბავშვობიდან ვიცნობდი. სკოლაშიც ერთ კლასში დავდიო­დით, მერე მოხდა ისე, რომ ერთმან­ეთს ვეღარ ვხვდებოდით. მე ვვარჯი­შობდი, გიო კი ფიზიკურად მუშაობ­და და ამ მიზეზების გამო ვერ ვნახ­ულობდით ერთმანეთს.

2008 წლის 27 მაისს გაგვიწვიეს ჯარში. გიო დედისერთა იყო და იმუნიტეტი იც­ავდა, მაგრამ მოხალისედ წამოვიდა. ძალიან უნდოდა ჯარში. ორკვირია­ნი სწავლების შემდეგ მოხდა ჩვენი სხვადასხვა ნაწილში გადანაწილება. ჩვენ კი ერთად ყოფნა გვინდოდა და ორივეს მონდომებით ისევ ერთ ნაწი­ლში მოვხვდით. გიორგი შედარებით სუსტი იყო, დიდხანს ვარჯიში, განსაკუთრებით სირბილი უჭირდა, მაგრამ რაც შეეძ­ლო ყველაფერს აკეთებდა. ორი თვე იყო გასული, მუხლები ისე ასტკივ­და, რომ ვეღარ დადიოდა. ექიმებმა უთხრეს, შენი ჯარში დარჩენა არ შე­იძლებაო. გადაწყდა, რომ სამ დღეში დროებით უნდა გაეკომისიებინათ, მაგრამ გიორგი დიდ უარზე იყო.

ომი დაიწყო. მეთაურმა გიოს უთ­ხრა, შენ უნდა დარჩეო. გიომ მეთა­ურის ბრძანება არ მიიღო და უთხრა, სადაც ჩემი ძმები არიან, მეც იქ უნ­ და ვიყოო. აიღო აღჭურვილობა და რომელ მანქანაშიც მე ვიჯექი, იქ ამ­ოვარდა და გვერდით მომიჯდა. შე­მომხედა და მითხრა, "აქამდე ერთად მოვედით და საომრადაც ერთად წავალთო. ბედნიერები ვიყავით, რადგან სამშობლოს დასაცავად უნდა გვებ­რძოლა. არავინ იცოდა, წინ რა გვ­ელოდა. გორს რომ გავცდით, რო­მელიღაც სოფელში გავჩერდით და ფეხით გავაგრძელეთ გზა, როგორც ჩვენ მივდიოდით, გიორგიც ისე მო­ გვყვებოდა. ერთი სიტყვაც არ უთქვ­ამს, დავიღალეო ან ფეხები მტკივაო. ორი დღე ასე მოგვიწია სიარული. არაფერი წინააღმდეგობა არ შეგვხვ­ედრია.

ბოლოს სოფელ ერედვში გა­ვაკეთეთ შესვენება. ხუთი-ათი წუთი არ იყო გასული, რომ რუსეთის ავია­ცია შემოვიდა და დაბომბვა დაიწყო. მე დავინახე, როგორ დაეცა მიწაზე გიო. გიოსთან ერთად ჩვენი სამი თანამებრძოლიც დაიღუპა. ეს საში­ნელება იყო. აზრზე ვერ მოვდიოდი. ასე დაასრულა გიომ თავისი ვაჟკაც­ური სულის მქონე სიცოცხლე. შემიძლია ბევრი რამ მოგიყვეთ გიოს შესახებ, მაგრამ საკმარისია ისიც, რაც გადმოგეცით, იმისთვის რომ ყველამ გაიგოს, თუ როგორი ვაჟკაცური და პატრიოტული სუ­ლი ჰქონდა. მინდა ყველამ პატივი სცეს მის გმირ სახეს და იმ ბიჭების ხსოვნას, ვინც ჩვენს გულებში სიცო­ცხლის ბოლომდე დარჩება. ყველას ძალიან გვენატრები. მინდა შენმა სულმა სიმშვიდე ჰპოვოს".

                                                                                                                                                                                     ხვიჩა ქოქუაშვილი (გიორგი აბიათარის მეგობარი)

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N49(91)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე