ზაფხულში დაბადებული კაცები მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ - კვლევა

დეპრესია

 როგორც აღმოჩნდა, ზაფხულის სევდის იდეა მართალია, ყოველ შემთხვევაში კაცებისთვის. ახალი კვლევის თანახმად, ზაფხულში დაბადებული კაცები უფრო მიდრეკილები არიან დეპრესიის განვითარებისკენ, ვიდრე წლის სხვა დროს დაბადებულები.

კვანტლენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კაცებს უფრო მეტად აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები ცხოვრების განმავლობაში, განსაკუთრებით ზაფხულში დაბადებულ კაცებს.

„ამ კვლევის იდეის საწყისი ნაპერწკალი მაშინ გაჩნდა, როდესაც ვიღაცამ მკითხა, მჯეროდა თუ არა ჰოროსკოპების. ამან დამაფიქრა, შეიძლება ამას ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს? ანუ როგორ შეიძლება ადამიანის დაბადების დღე მის ფიზიოლოგიურ ან ფსიქიკურ მახასიათებლებთან იყოს დაკავშირებული", — ამბობს კვლევის ავტორი, მაიკლ მაკკონენი.

ექიმებმა დიდი ხანია იციან, რომ წელიწადის სხვადასხვა სეზონმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ყველაზე ნათელი მაგალითია — სეზონური აფექტური აშლილობა — დეპრესიის სახეობა, რომელიც, როგორც წესი, ზამთრის თვეებში ვლინდება. თუმცა, მაკკონენის თქმით, მხოლოდ რამდენიმე კვლევა არსებობს, რომელიც დაბადების დროსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის შესაძლო კავშირს შეისწავლის. 

მკვლევრებმა 303 ზრდასრულ ადამიანს შორის ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს. მონაწილეებმა მათ მიაწოდეს ძირითადი დემოგრაფიული ინფორმაცია და უპასუხეს ორ კითხვარს, რომლებიც ხშირად გამოიყენება ადამიანის შფოთვისა და დეპრესიის დონის შესაფასებლად.

ასაკისა და შემოსავლის ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ზაფხულში დაბადებულ კაცებს შესამჩნევად უფრო ხშირად აღენიშნებოდათ დეპრესიის სიმპტომები, ვიდრე სხვა სეზონებში დაბადებულ კაცებს. მკვლევრების დასკვნა ჟურნალ PLOS Mental Health-ში, გამოქვეყნდა.

ამ ტიპის კვლევებს მხოლოდ ორ რამეს შორის კორელაციის ჩვენება შეუძლია და არა იმის ცალსახად დამტკიცება, რომ ზაფხულში დაბადებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ნაწილი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უნივერსიტეტის სტუდენტია. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს კვლევა შორს არის საფუძვლიანი ან სრული კვლევისგან.

ცხადია, რომ ამ საკითხის დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო. ასევე არსებობს პასუხგაუცემელი და საკმაოდ რთული კითხვა — რატომ შეიძლება ზაფხულში დაბადება განსაკუთრებით რთული იყოს კაცებისთვის და არა ქალებისთვის.

"მე ვიტყოდი, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ორსულობის დროს დედის გარემო პირობებთან", — თქვა მოკონენმა — "გაითვალისწინეთ ისეთი პირობები, როგორიცაა ტემპერატურა და მზის შუქი — როგორ იცვლება ეს პირობები წლის განმავლობაში?".

მკვლევრები გეგმავენ გამოიკვლიონ, როგორ შეიძლება სხვა დედობრივმა ფაქტორებმა, მათ შორის დედის კვებამ და სისხლში ჰორმონების დონემ, გავლენა იქონიოს მათი შვილების შემდგომ ჯანმრთელობაზე.

მოკონენი ასევე აღნიშნავს, რომ დაბადების სეზონის მიუხედავად, კვლევაში მონაწილე ადამიანების უმრავლესობამ აღნიშნა შფოთვის (66%) და დეპრესიის (84%) სულ მცირე რამდენიმე სიმპტომის არსებობა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონებს შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ ჩვენზე, სამწუხაროდ, ზოგიერთი რამ ყველასთვის საერთოა.

წყარო