VIDEO: კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს - რა ვიცით „ქვიშის კატის“ შესახებ

ქვიშის კატა

კატისებრთა ოჯახის ცხოველთა ჯგუფში ბევრად პატარა და საყვარელი წარმომადგენლებიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანია ქვიშის კატა (Felis margarita), რომელიც ერთი საინტერესო თვისებით გამოირჩევა — ძაღლივით ყეფს.

მისი სხეულის სიგრძე 45–57 სანტიმეტრია, კუდის ზომა კი 28–35 სანტიმეტრს აღწევს. წონა მხოლოდ 1–3 კილოგრამია. მიუხედავად მცირე ზომისა, ეს კატები გარემოსთან იდეალურად ადაპტირებულნი არიან: ისინი ღამით აქტიურდებიან და მსხვერპლის ძებნისას მკაფიო სმენას იყენებენ.

ეს კატები უმეტესად მარტო ცხოვრობენ, თუმცა შეჯვარების პერიოდში პარტნიორის მოსაძებნად ერთად იყრიან თავს. სწორედ მაშინ იყენებენ მათთვის უცნაურ ხმას, რომელიც ძაღლის ყეფას მოგვაგონებს. 

ქვიშის კატა ექსკლუზიურად უდაბნოში ცხოვრობს. ქვიშიან გარემოში ისინი ძირითადად პატარა ფრინველებსა და მღრღნელებს ნადირობენ, მაგალითად, მექვიშებს და მიწის კურდღლებს. ზოგჯერ რეპტილიებითაც იკვებებიან, მათ შორის საჰარის გველგესლებითაც, რომელთაც ხშირად იმავე ადგილზე მალავენ და მოგვიანებით ბრუნდებიან.

ეს კატები უპირატესობას ანიჭებენ არაბეთის ნახევარკუნძულის, მაროკოს, პაკისტანის, ყაზახეთისა და სირიის უდაბნოებს, თუმცა მათი გავრცელების ზუსტი არეალი უცნობია — ზოგი მეცნიერის მონაცემებით, მათ ჩრდილოეთ ამერიკაშიც და აზიის ნაწილშიც ფიქსირებდნენ.