წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ონლაინ იცნობენ, ურთიერთობით ნაკლებად კმაყოფილნი არიან - კვლევა

სიყვარული ონლაინ

ადამიანები, რომლებიც რომანტიკულ პარტნიორს ონლაინაპლიკაციებით იცნობენ, ქორწინებით ნაკლებად კმაყოფილნი არიან და სიყვარულსაც შედარებით ნაკლებად განიცდიან. ამას მოწმობს ნაშრომი, რომელზეც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი მუშაობდა.

ვროცლავის უნივერსიტეტის მიერ 50 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი 6 646 რესპონდენტიდან 16%-მა პარტნიორი ონლაინ გაიცნო. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ დაწყებული ურთიერთობების შემთხვევაში 21%-მდე იზრდება.

"ის მონაწილეები, რომლებიც ერთმანეთს ციფრულ სამყაროში შეხვდნენ, ურთიერთობით ნაკლებად კმაყოფილები არიან. პირისპირ გაცნობილ წყვილებთან შედარებით დაბალი იყო სიყვარულის განცდის ინტენსივობაც. ამის შეფასების კრიტერიუმები ინტიმურობას, ვნებასა და ერთგულებას მოიცავდა", — აცხადებს კვლევის თანაავტორი ადამ ბოდე.

მკვლევრების თქმით, ამ შედეგების ახსნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით შეგვიძლია. მათ შორის უმთავრესის მიხედვით, წყვილები, რომლებიც ერთმანეთს პირისპირ იცნობენ, უფრო ჰომოგამიურები არიან, ვიდრე ონლაინ გაცნობილები. ეს ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი საერთო მახასიათებელი აქვთ.

"მსგავს სოციალურ და კულტურული ფონს ურთიერთობის ხარისხზე შეიძლება დადებითი გავლენა ჰქონდეს. ის სოციალურ მხარდაჭერასა და მიმღებლობას აძლიერებს, ასევე საერთო ცხოვრებისეული გამოცდილების, ღირებულებებისა თუ მსოფლმხედველობის გაზიარებას უწყობს ხელს", — ამბობს ბოდე.

მკვლევრების აზრით, ინტერნეტი პოტენციური პარტნიორების ერთი შეხედვით უსაზღვრო არჩევანს გვთავაზობს, მაგრამ ამით შეიძლება იდეალური პარტნიორის პოვნა უფრო გართულდეს. პრაქტიკაში არჩევანის სიჭარბე სტრესს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ პარტნიორს ინტერნეტის საშუალებით სოფლის ტიპის დასახლებებშიც ისევე აქტიურად ეძებენ, როგორ ურბანულ ადგილებში. აქამდე გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მკვლევრებმა ვერ დაადასტურეს, რომ ახალგაზრდები პარტნიორის ონლაინ გაცნობისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ონლაინსივრცე ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

მეცნიერთა აზრით, ონლაინ გაცნობის პოპულარობა "სვაიპ კულტურის" გავლენით გაიზარდა. ეს ტერმინი გაცნობის აპლიკაციების მარტივ ბუნებას აღწერს, სადაც უპირატესობა არა საგულდაგულოდ შერჩევის პროცესს, არამედ ფიზიკურ მიმზიდველობას ენიჭება.

"ადრე გაცნობის აპლიკაციებით მეტწილად სერიოზულ ურთიერთობებს ეძებდნენ, თანამედროვე მომხმარებლები კი უპირატესობას უფრო მსუბუქ ურთიერთობებს ანიჭებენ. შესაძლოა, ურთიერთობების დაბალი ხარისხი სწორედ ამ ცვლილებით აიხსნას", — აღნიშნულია ნაშრომში.

გაცნობის აპლიკაციების პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. ამის ფონზე მკვლევრები ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

წყარო