SpaceX-ის რაკეტის ნაწილი დღეს მთვარეს შეეჯახება - მეცნიერები მოვლენას პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან

SpaceX-ის რაკეტა

SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტის გამოყენებული ზედა საფეხური დღეს, 5 აგვისტოს, მთვარის ზედაპირს დაეჯახება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა დედამიწისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ასტრონომები მას იშვიათ სამეცნიერო შესაძლებლობად მიიჩნევენ და სხვადასხვა ობსერვატორიიდან ყურადღებით აკვირდებიან.

დაახლოებით ოთხტონიანი, ხუთსართულიანი შენობის ზომის ობიექტი მთვარეს დაახლოებით 2.43 კილომეტრი/წამში (დაახლოებით 8 700 კმ/სთ) სიჩქარით შეეჯახება. მოსალოდნელია ახალი კრატერის წარმოქმნა და მთვარის მტვრის ღრუბლის ამოფრქვევა, რაც მეცნიერებს შეჯახების პროცესების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

რაკეტის ეს ნაწილი 2025 წლის იანვარში გაუშვეს მისიის ფარგლებში, რომელმაც მთვარისკენ კერძო ლანდერები გადაიყვანა. ჩვეულებრივ, Falcon 9-ის ზედა საფეხურები დედამიწის ატმოსფეროში ბრუნდება და იწვის, თუმცა ამ შემთხვევაში საწვავის დეფიციტის გამო მისი კონტროლირებადი დაბრუნება ვერ მოხერხდა და ობიექტი კოსმოსში დარჩა, სანამ მთვარის გრავიტაციამ შეჯახების ტრაექტორიაზე არ გადაიყვანა.

მოვლენას აკვირდებიან NASA-ს Lunar Reconnaissance Orbiter, სამხრეთ კორეის მთვარის ზონდი Danuri და მსოფლიოს სხვადასხვა ობსერვატორია. მეცნიერები შეისწავლიან წარმოქმნილ კრატერს, მტვრის გავრცელებასა და ზედაპირიდან ამოტყორცნილ მასალას, რაც მომავალში მთვარის კვლევისა და პლანეტური შეჯახებების უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.