რისკები მაშინ, როცა ახალშობილი საშუალოზე დიდი წონის იბადება - ახალი კვლევა

ბავშვი

დიდი წონით დაბადებულ ჩვილებს შესაძლოა მოზრდილობაში გულის რითმის დარღვევების, განსაკუთრებით წინაგულების ფიბრილაციის, განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ - ამას მიუთითებს ჩინელი მეცნიერების მასშტაბური კვლევა, რომელმაც 537 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები გააანალიზა.

კვლევის მიხედვით, საშუალოზე მაღალი წონის (3400 გრამზე მეტი) ახალშობილებში არითმიის რისკი იზრდება. ყოველი დამატებითი 485 გრამი დაბადებისას ამ რისკს დაახლოებით 30%-ით ზრდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვის წონა 4 კილოგრამს აღემატება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაბადების წონასა და გულის რითმის დარღვევებს შორის კავშირში შესაძლოა გენეტიკამ ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. ამიტომ ორსულობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქალებს, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, სიმსუქნე ან დიაბეტი - ფაქტორები, რომლებიც დიდი წონის ბავშვის დაბადებას უკავშირდება.

დაბადების შემდეგ ყველაზე გავრცელებული პრობლემა სისხლში შაქრის დაბალი დონეა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით მაშინ, თუ დედას გესტაციური დიაბეტი ჰქონდა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს სუნთქვის დროებითი სირთულეები, სიყვითლე ან სხვა მსუბუქი გართულებები.

გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდი წონის ბავშვებს შესაძლოა ოდნავ უფრო მაღალი რისკი ჰქონდეთ სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის მიმართ, თუმცა ეს დიდწილად ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.