რა მოგივათ, თუ პლანეტა ურანზე დადგომას ეცდებით?

პლანეტა ურანი

კაცობრიობამ მარსსა და ვენერაზე კოსმოსური ზონდები უკვე დაუშვა. მათ გარდა მზის სისტემაში კიდევ ორი კლდოვანი პლანეტაა — მერკური და დედამიწა. მერკურის ტემპერატურისა და მზესთან სიახლოვის გამო მის ზედაპირზე დაშვება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. მეორე მხრივ, რადგან ეს პლანეტაც კლდოვანია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მასზე მალე დავეშვებით.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მზის სისტემის ზოგ პლანეტაზე დაშვება განსაკუთრებით რთულია. გაზის გიგანტები (იუპიტერი და სატურნი) ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. სწორედ ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათზე დაშვების მცდელობა კარგად ნამდვილად არ დამთავრდება.

მსგავსი რამ მეცნიერებმა უკვე სცადეს — მათ იუპიტერის ატმოსფეროში კოსმოსური ზონდი შეუშვეს, რომელიც ექსტრემალური პირობების ზეგავლენით მანამ დაიმსხვრა, სანამ ზედაპირს მიაღწევდა. საბედნიეროდ, ზონდმა "სიკვდილამდე" მონაცემების გამოგზავნა მოახერხა.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ იუპიტერის ბირთვი მყარია, თუმცა ეს დადასტურებული არ არის. ასეც რომ იყოს, ტემპერატურისა და წნევის გამო უნდა ვივარაუდოთ, რომ იუპიტერზე გავლა ისეთივე არ იქნებოდა, როგორიც კლდოვან პლანეტებზე.

ასევე იხილეთ: დღეს იუპიტერის შემსწავლელი კოსმოსური მისია იწყება — ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ

რა შეგვიძლია ვთქვათ ყინულის გიგანტებზე — ნეპტუნსა და ურანზე? გაზის გიგანტების მსგავსად, ეს პლანეტებიც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. მეორე მხრივ, ისინი სხვა ელემენტებსაც შეიცავს. ეს სიტუაციას ართულებს.

"ამაზე დანამდვილებით საუბარი ძალიან რთულია. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ წყალბადისა და ჰელიუმის გარდა, ორივე პლანეტის მანტია ამიაკსა და მეთანს შეიცავს. ეს ნაერთები უბრალოდ მაღალი წნევის ქვეშ არსებული სითხეების სახითაა და არა ყინულის", — განმარტავს ქეროლ ჰესველი, ფიზიკისა და ასტრონომიის ლექტორი (ღია უნივერსიტეტი).

საინტერესოა, რომ ურანსა და ნეპტუნს ყინულის გიგანტებს რეალურად იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ჩამოყალიბების პროცესში იყო ყინულოვანი და არა ამჟამად. შესაბამისად, არცერთ მათგანს მყარი ზედაპირი არ აქვს. გარე ფენები, რომლებსაც ვხედავთ, მბრუნავი აირებია, უფრო სიღრმეებში კი სითხეებსაც შევხვდებით.

"ურანი ყინულის გიგანტია, ამიტომ მას "ჭეშმარიტი" ზედაპირი არ აქვს. პლანეტა ძირითადად მბრუნავი სითხეებისგან შედგება", — ამბობს NASA — "ამიტომ კოსმოსური ხომალდი უბრალოდ ვერსად ვერ დაეშვებოდა. გარდა ამისა, ატმოსფეროს წნევა და ტემპერატურა მეტალის ხომალდს მალევე გაანადგურებდა".

რბილად რომ ვთქვათ, ურანზე ან ნეპტუნზე დაშვება რომ სცადოთ, სიცოცხლეს ატმოსფეროშივე გამოესალმებოდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, კოსმოსური სააგენტოები მაინც არ ნებდებიან და ამ პლანეტებზე ზონდების გაშვებაზე აქტიურად მუშაობენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ დღესაც ამას მართლა შეძლებენ.