მნიშვნელოვანი სიახლე - მსოფლიოში მილიონობით ადამიანს, შესაძლოა, მაღალი წნევის პრობლემა მოეხსნას

წნევა

მაღალი არტერიული წნევის მქონე მილიონობით ადამიანმა, შესაძლოა, ახალი მედიკამენტით მკურნალობის შედეგად მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს.

პრეპარატმა ექიმები გააოცა, რადგან მან მაღალი წნევის გამომწვევი მიზეზის ხანგრძლივი უკუქცევა შეძლო - ეფექტი პაციენტებს მედიკამენტის მიღების შეწყვეტიდან წლების განმავლობაში უნარჩუნდებოდათ.

მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენის შესახებ სტატიას ბრიტანული “გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პაციენტებს, რომლებიც “ბაქსდროსტატის“ სახელით ცნობილ პრეპარატს იღებდნენ, ყოველდღიური ტაბლეტების 6-დან 12 თვემდე კურსის განმავლობაში არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში დაურეგულირდათ. თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ დადებითი ეფექტი პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან ორი წლის შემდეგაც ნარჩუნდებოდა. ზოგიერთ პაციენტს ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების მიღებაც აღარ დასჭირდა.

„ძალიან ამაღელვებელი შედეგია“, - განაცხადა ლონდონის ქუინ მერის უნივერსიტეტის პროფესორმა მორის ბრაუნმა, ჰიპერტენზიის სპეციალისტმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

„პაციენტების თითქმის მეოთხედმა შეწყვიტა ყველა სახის მკურნალობა და მათი არტერიული წნევა სრულიად ნორმალური გახდა“. მსოფლიოში მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, ანუ ჰიპერტენზია.

✕