მეცნიერებმა ცხიმოვანი დაავადების ახალი მიზეზი აღმოაჩინეს

ღვიძლი

წლების განმავლობაში ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება ძირითადად არაჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესს უკავშირდებოდა. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მნიშვნელოვან როლს თავად იმუნური სისტემაც ასრულებს.

მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს იმუნურ უჯრედებზე - მაკროფაგებზე, რომლებიც ნორმაში ორგანიზმს ასუფთავებენ. ასაკთან ერთად მათი ნაწილი გადადის  „დაბერებულ“ მდგომარეობაში. ასეთ უჯრედებს „ზომბებს“ უწოდებენ, რადგან ისინი ვეღარ ასრულებენ ფუნქციას, არ კვდებიან და ორგანიზმში გროვდებიან, რაც ქრონიკულ ანთებას იწვევს.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდებში ასეთი უჯრედები მხოლოდ დაახლოებით 5%-ს შეადგენს, ხოლო ასაკოვან ადამიანებში მათი რაოდენობა 60–80%-მდე იზრდება. ეს ემთხვევა იმ პერიოდს, როცა ღვიძლის ფუნქციის დარღვევები და სხვა ქრონიკული დაავადებები უფრო ხშირად გვხვდება.

ასევე გამოვლინდა კავშირი ქოლესტერინთან - მისი მაღალი დონე აჩქარებს ამ უჯრედების „დაბერებას“, რაც ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ „ზომბი უჯრედების“ მოცილება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ღვიძლის მდგომარეობას. ეს ქმნის პერსპექტივას ახალი ტიპის მკურნალობისთვის - პრეპარატებისთვის, რომლებიც მიზანმიმართულად გაანადგურებენ ასეთ უჯრედებს.

მიუხედავად ახალი სამკურნალო მიდგომების პერსპექტივისა, ამ ეტაპზე მთავარ მიზნად რჩება ქოლესტერინის კონტროლი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რათა შემცირდეს უჯრედების ნაადრევი დაბერება და ღვიძლის დაავადებების რისკი.