კვლევა: მეზოლითისა და ნეოლითის ხანებში ქალები კაცების მსგავსად იყენებდნენ შრომის იარაღებს და ნადირობდნენ

კვლევა

მეცნიერებმა უარყვეს ძველ საზოგადოებებში როლების ტრადიციული განაწილების იდეა, რომლის მიხედვითაც კაცები ქვის იარაღებით ნადირობდნენ, ქალები კი საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულნი. პროექტ Stone Dead-ის კვლევა იორკის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა.

არქეოლოგების განცხადებით, მეზოლითისა და ნეოლითის ეპოქის ქალები ისევე იყენებდნენ იარაღებს, როგორც კაცები. სპეციალისტებმა გააანალიზეს 330-ზე მეტი სამარხი ჩრდილოეთ ლატვიაში, ზვეინიეკის სასაფლაოზე, რომელიც ევროპაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7500-2500 წლების ერთ-ერთი უდიდესი ნეკროპოლისია.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალთა სამარხებში ბასრი პირები და შუბისწვერები ისეთივე სიხშირით გვხვდებოდა, როგორც კაცების, ზოგჯერ კი უფრო ხშირადაც. საინტერესოა, რომ ყველაზე გავრცელებული ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ამ ნივთებთან ერთად იყო დაკრძალული, ბავშვები და ხანდაზმულები იყვნენ. ეს მიუთითებს დაკრძალვის უფრო კომპლექსურ პრაქტიკაზე, ვიდრე ადრე ივარაუდებდნენ.

„კვლევა ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად ბევრი რამ გვაქვს ჯერ კიდევ სასწავლი ევროპის ადრეული საზოგადოებების ცხოვრებისა და სიკვდილის შესახებ“, - აღნიშნა იორკის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ეიმი ლიტლმა.