1758051983
დედაქალაქი „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება

დედაქალაქი სახალხო დღესასწაულ „თბილისობას“ მრავალფეროვანი პროგრამით ხვდება, სადაც ყველა ასაკის მოქალაქის გემოვნება იქნება გათვალისწინებული.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს „თბილისობა“ 20-21 სექტებერს გაიმართება, ღონისძიების მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი და ორბელიანის მოედანი იქნება.
„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოსულ სტუმრებს ტრადიციულად დახვდება თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები და ფოტოზონები. ორივე ლოკაციაზე მოეწყობა ღია კინოთეატრი, სამეწარმეო მარკეტი, გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დღის განმავლობაში, ასევე, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები, მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები. გარდა ამისა, რიყის პარკში საესტრადო შემსრულებლების მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა დაგხვდებათ, ხოლო აბანოთუბანში წარმოდგენილი იქნება გამოფენა-გაყიდვა - „თბილისური მრავალფეროვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, 20 სექტემბერს, 20:00 საათზე, „თბილისობის“ ერთ-ერთი გამორჩეული საღამო - თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე 2025 წლის „თბილისობა“ გრანდიოზული საზეიმო კონცერტით დასრულდება.
„მინდა, დაგპატიჟოთ ყველა - დიდი თუ პატარა ამ ლამაზი დღეების აღსანიშნავად. ეს არის ჩვენი ქალაქის დღე. გელოდებით, ერთად ჩავერთოთ სახალხო ზეიმის ფერხულში და ერთად ვეზიაროთ თბილისურ მრავალფეროვნებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.