დნმ-ის კვლევით დაადგინეს, რომელმა ცხოველმა გაავრცელა ადამიანებში ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჭირი

დნმ

ჭირი, რომელიც ევრაზიაში 2000 წლის განმავლობაში მძვინვარებდა, შუა საუკუნეების შავ ჭირამდე ათასწლეულებით ადრე — ამ დრომდე მხოლოდ ადამიანის ძვლების ნაშთებში იყო დაფიქსირებული. უკვე ათწლეულებია, მეცნიერები ვერ ხსნიდნენ, როგორ გავრცელდა ბრინჯაოს ხანის ჭირი ასე ფართოდ. თუმცა, ახლახან დაადგინეს, სავარაუდოდ რომელი ცხოველი იყო მისი მატარებელი.

ახალ, ფართომასშტაბიან კვლევაში, მეცნიერები სწავლობენ დნმ-ის ნარჩენებს ბრინჯაოს ხანის მსხვილფეხა საქონლის, თხებისა და ცხვრების ძვლებსა და კბილებში. კვლევის მიზანია დადგინდეს, როგორ მიგრირებდნენ ეს ცხოველები ადამიანებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ნაყოფიერი ნახევარმთვარიდან ევრაზიის მასშტაბით.

ცხოველთა დნმ-ის ასეთი ძველი ნიმუშები არასოდესაა ბოლომდე ხელუხლებელი. როგორც წესი, ისინი საკმაოდ ფრაგმენტირებულია და ძლიერ არის დაბინძურებული იმ ორგანიზმთა ნარჩენებით, რომლებიც ცხოველის სხეულში ბინადრობდნენ როგორც მის სიცოცხლეში, ისე სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ.

„როდესაც უძველეს ნიმუშებში შინაური საქონლის დნმ დავტესტეთ, მივიღეთ დაბინძურების კომპლექსური გენეტიკური სოუსი. ეს დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ცხოველის ნიმუშებიდან ძლიერი სიგნალის მისაღებად, მაგრამ ასევე გვაძლევს შანსს, მოვძებნოთ პათოგენები, რომლებიც აინფიცირებდა ნახირს და მათ მწყემსებს“, — ამბობს არკანზასის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტეილორ ჰერმესი.

რუსეთში, ურალის მთების სამხრეთში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლ არკაიმში აღმოჩენილ 4000 წლის წინანდელ მოშინაურებული ცხვრის ნაშთებში, ჰერმესმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს ერთი პათოგენი, რომელმაც მათი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ცხვრის ერთ-ერთ კბილზე იპოვეს ჭირის ბაქტერია Yersinia pestis-ი — უძველესი შტამი, რომელსაც არ შეეძლო რწყილების ინფიცირება, როგორც ამას მოგვიანებით, შუა საუკუნეებში აკეთებდა.

იმის გამო, რომ Y. pestis-მა ბრინჯაოს ხანაში ჯერ არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა რწყილები, როგორც ვექტორი, არქეოლოგები ხშირად ფიქრობდნენ, თუ როგორ გავრცელდა ჭირი ასე ფართოდ ადამიანებში. ცნობილია, რომ ამ ინფექციამ მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრის დაშორებით აღმოჩენილი მათი სხეულები დღემდე შეიცავს ჭირის იდენტური შტამის გენეტიკურ კვალს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ბაქტერიების გვიანდელი ბრინჯაოს ხანის შტოს მტკიცებულება ცხოველებში იპოვეს და წლის დასაწყისში, მკვლევრებმა აღმოჩენა არარეცენზირებულ პუბლიკაციაში აღწერეს. ამჯერად, პუბლიკაციამ რეცენზირება უკვე გაიარა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ გადაედო ეს ბაქტერია გარეული ცხოველისგან ევრაზიის ვრცელ სტეპებზე მობალახე შინაურ ცხვარს, რომელიც ამის გამო ცუდად არ გამხდარა, მაგრამ თავად გახდა ბაქტერიის მატარებელი და ის ნახირში და მწყემსებში გაავრცელა. თუმცა, მკვლევრები არ გამორიცხავენ ადამიანისგან ცხვარზე გადადების ალბათობასაც.

„ეს უბრალოდ ადამიანების გადაადგილებაზე მეტი უნდა ყოფილიყო. ჭირიანმა ცხვარმა საოცარ აღმოჩენამდე მიგვიყვანა. ახლა მას ვხედავთ, როგორც დინამიკას ხალხს, საქონელსა და ჯერ კიდევ გაურკვეველ მის „ბუნებრივ რეზერვუარს“ შორის, რომელიც შეიძლება იყოს ევრაზიის სტეპებში გავრცელებული მღრღნელები ან გადამფრენი ფრინველები“, — ამბობს ჰერმესი.

უძველესი პათოგენების დნმ-ის კვალის პოვნა რთულია. ადამიანები ცხოველებს ადამიანებივით არ მარხავენ და ამიტომ, როგორც წესი, მათი ნარჩენები კარგად შემონახული არ არის.

შინაურ ცხოველთა მრავალი ეგზემპლარი, რომლებსაც არქეოლოგები პოულობენ, სინამდვილეში, ადამიანთა სადილის ნარჩენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად მომზადებულია (ცეცხლი დანამდვილებით შლის დნმ-ს).

„ამას გარდა, ადამიანები თავს არიდებენ აშკარად ავადმყოფი ცხოველის ჭამას და შესაბამისად, ფაუნის კოლექცია ჯანმრთელი ცხოველებისკენ არის მიკერძოებული. ერთი ინფიცირებული ცხოველის შეჭმამაც კი შეიძლება მრავალი ადამიანი დააინფიციროს; ამ კონკრეტული ცხოველის პოვნისა და შემდგომში შესწავლის ალბათობა დაბალია“, — წერენ მკვლევრები.

ბაქტერია Y. pestis-ის შტამები უძველეს ცხოველთა ნაშთებში მხოლოდ მესამედ აღმოაჩინეს. პირველი ორი იყო შუა საუკუნეების ვირთხა და ნეოლითური ძაღლი; თუმცა, მათი დნმ-ის ნიმუშები ზედმეტად ფრაგმენტირებული იყო და სარწმუნო შედეგებს ვერ იძლეოდა.

ჰერმესის განცხადებით, ბოლო აღმოჩენა განსაკუთრებით ამაღელვებელია, რადგან ადგილი, სადაც ის იპოვეს — არკაიმი, შინტაშტის კულტურის დასახლებას წარმოადგენდა; ეს ხალხი ქმნიდა ბრინჯაოს შთამბეჭდავ იარაღებს, ჯირითობდნენ ცხენებით და საკუთარ გენებს ავრცელებდნენ ცენტრალურ აზიაში. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჭირის შტამის კვალი ამ ხალხის ძვლების ნაშთებშიც აღმოაჩინეს.

მაშინ, როცა ეს ინფიცირებული ცხვარი ცხოვრობდა, შინტაშტას ხალხი ჯერ მაშინ იწყებდა თავიანთი საქონლის ნახირის გაფართოებას, რადგან ცხენით ჯირითის უნარი მათ დიდი ტერიტორიის სწრაფად დაფარვის საშუალებას აძლევდა, რაც პოტენციურად ზრდიდა ჭირის მქონე გარეულ ცხოველებთან ურთიერთობის შანსს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით, რომელიც მიხეილ ჭაბუკაშვილმა თარგმნა