„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფი ასტრონავტები ისტორიაში პირველად უწონობაში ლუდის დადუღების ექსპერიმენტს ჩაატარებენ.
ამერიკული კომპანია Starbase Brewery-ს ინფორმაციით, NASA-ს მისიის Crew-11 ფარგლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე გაგზავნილია ორი ტვირთი. ერთ-ერთია პროექტი MicroBrew-1, რომელიც მიკროგრავიტაციის პირობებში ლუდის დუღილის პროცესის დაწყებას ითვალისწინებს. მკვლევრებს უნდათ გაარკვიონ, როგორ რეაგირებს საფუარი გრავიტაციის არარსებობაზე და რადიაციის ზემოქმედებაზე. მიღებული მონაცემები მომავალში კოსმოსში საკვებისა და სასმელების წარმოების ახალი მეთოდების შესაქმნელად გამოიყენება.
ამავე პროგრამის ფარგლებში კომპანია პროექტზე OASIS მუშაობს. მისი მიზანი დედამიწის მიღმა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის შესაძლებლობის შემოწმებაა. ექსპერიმენტისთვის მომზადდა ნიადაგის ნაზავი, რომელიც შეიცავს ლუდის წარმოების ნარჩენებს და მარსის ნიადაგის იმიტატორს. მკვლევრები ამ სუბსტრატში ქერის მოყვანას შეეცდებიან, კოსმოსში აგროტექნოლოგიური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.
Crew Dragon-მა, რომელმაც ISS-ზე ტვირთები და ეკიპაჟი ჩაიყვანა, სადგურს 2 აგვისტოს მიაღწია. მფრინავთა შემადგენლობაში შედიან რუსი ოლეგ პლატონოვი, ამერიკელები ზინა კარდმანი (მეთაური) და მაიკლ ფინკი (პილოტი), ასევე იაპონელი ასტრონავტი კიმია იუი. ეკიპაჟი სადგურზე რამდენიმე თვე დარჩება.