,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
ალერგია მდგომარეობაა, როდესაც უვნებელი ნივთიერების მიმართ იმუნური სისტემა გადამეტებულად, ირაციონალურად, რეაგირებს. ეს რეაქცია ხშირად ორგანიზმში უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს. როგორც ჩანს, ალერგია სპერმის, კერძოდ სათესლე სითხის, მიმართაც შეიძლება არსებობდეს.
საკითხი მაიკლ კეროლმა განიხილა სტატიაში, რომელიც The Conversation-ზეა გამოქვეყნებული. კეროლი რეპროდუქციული მეცნიერების სპეციალისტია მანჩესტერის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო). მისი განმარტებით, ამ ტიპის ალერგია შეიძლება გამოვლინდეს როგორც პარტნიორის, ასევე საკუთარ სპერმასთან შეხებისას.
სპერმაზე ყველაზე გავრცელებულ ალერგიას სათესლე სითხისადმი ჰიპერმგრძნობელობას (იგივე SPH) უწოდებენ. ამ დროს იმუნური სისტემა სათესლე პლაზმაში არსებულ ცილებზე რეაგირებს მწვავედ. სხვა სიტყვებით, ალერგიას არა სპერმატოზოიდები, არამედ სათესლე სითხე იწვევს.
ცნობისთვის: სპერმა — მორუხო-თეთრი სითხე, რომელიც ეაკულაციის დროს გამოიყოფა — ერთგვარი ნარევია, რომელიც სათესლე სითხეში გაფანტული სპერმატოზოიდებისგან (კაცის სასქესო უჯრედები) შედგება.
ქალებში სათესლე სითხეზე ალერგიის სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც ვულვის ქავილი (ეს ქალის სასქესო ორგანოს გარე ნაწილია), ასევე ვაგინის ტკივილი/წვა და მძიმე ალერგიისას ანაფილაქსიური შოკიც კი.
როცა სათესლე სითხისადმი ჰიპერმგრძნობელობა დასტურდება, ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს: პრეზერვატივის გამოყენება, სქესობრივ კავშირამდე ანტიჰისტამინების (ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი) მიღება, კონტაქტის შემდეგ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება ანდა დესენსიბილიზაციის თერაპია — მიდგომა, რომლის დროსაც პაციენტს ალერგენის შემცველ პრეპარატს მრავალჯერ უკეთებენ, რათა ორგანიზმი მას "შეეჩვიოს".
"თუკი სექსის შემდეგ მუდმივად გაწუხებთ ქავილი, დასივება ან შეუძლოთ ხართ — და პრეზერვატივი გამოყენება ამას შველის — შეიძლება სპერმაზე ალერგია გქონდეთ", — წერს კეროლი.
მისი თქმით, SPH პირველად დაახლოებით 60 წლის წინ დაფიქსირდა, როცა ქალი საავადმყოფოში "სექსზე" მწვავე ალერგიული რეაქციით გადაიყვანეს. ამის მიუხედავად, ამ დიაგნოზს ხშირად ვერ სვამენ. 1997 წლამდე მიიჩნეოდა, რომ სპერმაზე ალერგია 100-ამდე ქალს გამოუცდია, თუმცა ამავე წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ სექსის შემდეგ ავადმყოფობის შემთხვევათა 12% შეიძლება სწორედ SPH-ით აიხსნას.
15 წლის შემდეგ კეროლმა არაფორმალური გამოკითხვა ჩაატარა. შესაძლო SPH-ის სიხშირე მსგავსი აღმოჩნდა, თუმცა ისიც დაადგინა, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად სხვა დიაგნოზებში ერეოდათ, იქნება ეს: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სოკოვანი ინფექციები ან უბრალოდ "ზედმეტი მგრძნობელობა". ეს გარკვეულწილად ლოგიკურიცაა, რადგან ზოგიერთი სიმპტომი ამ მდგომარეობებს საერთო აქვს.
ცნობილია, რომ არსებობს ორგაზმის შემდგომი ავადმყოფობის სინდრომიც (POIS), რომელიც საკუთარ სპერმაზე ალერგიულ კაცებს აწუხებთ. 2024 წელს ასეთი მხოლოდ 465 შემთხვევა დაფიქსირდა. POIS-ის დროს, შესაძლოა, ეაკულაციის შემდეგ მაშინვე გრიპის მაგვარი სიმპტომები დაიწყოს, მათ შორის კუნთების ტკივილი და დაქანცვა. ექიმებს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების გაგება უჭირთ, თუმცა ამ დროს ანტიჰისტამინების მიღება, დესენსიბილიზაციის თერაპია და ჰორმონული თერაპიაა ხოლმე რეკომენდებული.
რაც შეეხება SPH-ს, კეროლმა აღნიშნა, რომ სექსთან დაკავშირებულ სიმპტომებზე ადამიანები უმეტესად დუმან.
"სირცხვილის, სტიგმისა და ექიმებში ცნობიერების ნაკლებობის შედეგად უამრავი ქალი ხმაამოუღებლად იტანჯება", — ამბობს სპეციალისტი.
მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი კონტაქტის დროს ან შემდეგ დისკომფორტის შემთხვევაში ექიმს მიმართოთ. ნუ გამოიყენებთ სტატიას თავის დიაგნოსტირების მიზნით — შესაძლოა, თქვენი სიმპტომები სხვა მდგომარეობებითაც აიხსნას, რომლებსაც განსხვავებული მკურნალობა დასჭირდება.