ახალი იმუნოთერაპია მკურნალობისადმი გამძლე სიმსივნეების წინააღმდეგ - პირველადი შედეგები

თერაპია კიბოს წინააღმდეგ

მეცნიერებმა ახალი იმუნოთერაპიული პრეპარატი გამოსცადეს, რომელიც შესაძლოა იმ პაციენტებსაც დაეხმაროს, რომელთა სიმსივნეები არსებულ მკურნალობას, მათ შორის იმუნოთერაპიას, აღარ ემორჩილება. პრეპარატს invikafusp alfa (invika) ეწოდება და მისი მოქმედება იმუნური სისტემის კონკრეტული უჯრედების გააქტიურებას ეფუძნება.

კვლევაში სხვადასხვა ტიპის შორსწასული სიმსივნის მქონე პაციენტები მონაწილეობდნენ, რომელთა უმრავლესობას წინა მკურნალობის შედეგად სასურველი შედეგი არ მიუღია.

რა შედეგები აჩვენა კვლევამ?

მკვლევრების მონაცემებით, პრეპარატის ოპტიმალური დოზით მკურნალობისას 27 პაციენტიდან 16-ს დაავადება არ პროგრესირებდა. ოთხ პაციენტს კი სიმსივნის ზომა 30%-ზე მეტად შეუმცირდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა ორი პაციენტის შემთხვევა, რომლებსაც მკურნალობისადმი გამძლე კოლორექტალური კიბო ჰქონდათ. მათ ახალი პრეპარატი მკურნალობის მეშვიდე ხაზის სახით მიიღეს, ანუ მანამდე ექვსი სხვადასხვა სამკურნალო მიდგომა ჰქონდათ გამოყენებული.

კვლევაში ასევე დაფიქსირდა დადებითი პასუხი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტშიც, რომლის სიმსივნეც რამდენიმე მკურნალობის მეთოდს, მათ შორის იმუნოთერაპიას, არ დაემორჩილა.

როგორ მუშაობს ახალი პრეპარატი?

Invikafusp alfa იმუნური სისტემის T-უჯრედების კონკრეტულ ქვეჯგუფებს ააქტიურებს. ეს უჯრედები ორგანიზმს სიმსივნურ უჯრედებთან ბრძოლაში ეხმარება. არსებული ზოგიერთი იმუნოთერაპიისგან განსხვავებით, ახალი პრეპარატი იმუნური სისტემის უფრო შერჩევით გააქტიურებაზეა მიმართული, რაც არასასურველი ეფექტების შემცირებას ისახავს მიზნად.

კვლევის მონაწილეებს შორის გამოვლინდა გრიპისმაგვარი სიმპტომები და სხვა გვერდითი მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ციტოკინების გამოთავისუფლების სინდრომი, რომელიც უმეტესად მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის იყო.

მიუხედავად იმედის მომცემი შედეგებისა, დამატებითი კვლევები აუცილებელია. ეს ადრეული, პირველი და მეორე ფაზის კლინიკური კვლევაა, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. შესაბამისად, ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენად ეფექტიანია პრეპარატი სხვადასხვა ტიპის სიმსივნის დროს და რამდენ ხანს ნარჩუნდება მისი მოქმედება.

✕