VIDEO: გაიცანით ფრინველი, რომელიც ნიანგებსაც კი აშინებს

ფრინველი

ბუნება, თავისი უნიკალური ქმნილებებით, ყოველთვის ახერხებს ჩვენს გაოცებას. ამის დასადასტურებლად ვეშაპთავა ყანჩას მაგალითიც კმარა, რომელიც იმდენად უცნაურად გამოიყურება, რომ ზოგიერთ ადამიანს დღემდე არ სჯერა მისი არსებობის.

ვეშაპთავა ყანჩა საკმაოდ იშვიათი, მაგრამ ნამდვილად რეალური ფრინველია. იგი ვარხვისნაირთა რიგს მიეკუთვნება და სიმაღლეში დაახლოებით 1.5 მეტრამდე იზრდება. ყველაზე თვალსაჩინო მისი უზარმაზარი ნისკარტია, რომელიც ფრინველს ნამდვილად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის არსებად აქცევს. მისი უჩვეულოდ ბასრი ნისკარტი სიგრძით ფრინველებს შორის მესამეა და შესაძლოა, გარშემოწერილობით — ყველაზე დიდიც.

ფრინველის თავი ბუმბულების გვირგვინითაა დაფარული, წვრილი და გრძელი ფეხები კი სრულ კონტრასტშია მის უზარმაზარ ტერფებთან. ფრთების შლილი 2.6 მეტრამდე აღწევს და ფრინველის უცნაური გარეგნობის გამო, მის სწორად კლასიფიკაციას ოთხი მცდელობა დასჭირდა.

თავდაპირველად, ფრინველს ყარყატის ერთ-ერთ სახეობად თვლიდნენ, მაგრამ 1950-იან წლებში იგი უფრო მეტად ვარხვს მიამსგავსეს. ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს ვარაუდიც შეიცვალა და ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახის წარმომადგენლად მიიჩნიეს. ამჟამად, დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით, მიიჩნევა, რომ ფრინველი ყველაზე ახლოს ვარხვთან დგას, მაგრამ მის ყველაზე ახლო ნათესავად გაცილებით პატარა თავჩაქუჩა ყანჩა მიიჩნევა.

ვეშაპთავა ყანჩა ბოლო წლებში სოციალური მედიის ვარსკვლავი გახდა. შესაძლოა, პოპულარობას მისმა უნიკალურმა გარეგნობამაც შეუწყო ხელი, მაგრამ ინტერნეტის მომხმარებლებს მისი სხვა ქცევებიც არანაკლებ აღაფრთოვანებთ.

მართალია, ვეშაპთავა ყანჩას უზარმაზარი ფრთები აქვს, თუმცა ძირითადად იგი მაინც დასავლეთ აფრიკის ხმელეთზე სიარულს ამჯობინებს. როგორც კი პოტენციურ საკვებს შენიშნავს, მისი "სიზარმაცე" მაშინვე ქრება და აჩვენებს, თუ როგორი მკვირცხლი და ყურადღებიანი შეუძლია იყოს.

"ნადავლს მთელი სხეულის წონით ეცემა და მისი ბასრი ნისკარტის ძალაც სწორედ ამ დროს იკვეთება — მსხვერპლს წვერით ესობა და სხეულს ნისკარტის ბასრი პირებით ჭრის. იგი ხშირად პროტოპტერუსებით, ტილაპიებითა და ლოქოთი იკვებება. იშვიათად, ბაყაყებით, გველთევზებითა და კუებით", — განმარტავს სან-დიეგოს ზოოპარკი.

მისი უცნაური გარეგნობისა და მოუქნელი სიარულის უკან ძალიან სახიფათო ფრინველი იმალება, რომელსაც პატარა ნიანგებთან დაპირისპირება და ზოგჯერ მათი შეჭმაც კი შეუძლია. დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე, მისი ყველაზე დიდი და ძლიერი მეტოქე ნილოსის ნიანგია, მაგრამ ზრდასრული ვეშაპთავა მასაც კი ადვილად უმკლავდება.

სინამდვილეში, ვეშაპთავა ყანჩები უკვე გამოჩეკიდან მზად არიან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ ბუდეში როგორც წესი ერთდროულად 2-3 კვერცხი გვხდება, ჩვეულებრივ, ზრდასრულობამდე მხოლოდ ერთი მათგანი აღწევს, რადგან და-ძმები ერთმანეთს ფატალურ მეტოქეობას უწევენ.

კიდევ ერთი უჩვეულობა, მისი ძალიან ხმაურიანი, ტყვიამფრქვევის მსგავსი ხმაა. ამ ბგერებს მისი ქვედა ყბების კაკუნით წარმოქმნის და მართალია, სხვა მსმენელისთვის ხმა ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ, როგორც ჩანს, საპირისპირო სქესის ვეშაპთავა ყანჩები მას ძალიან მიმზიდველად მიიჩნევენ. ვეშაპთავები ერთმანეთს, მხოლოდ ბუდობის პერიოდში ხვდებიან, დანარჩენ დროს კი მარტო ატარებენ. მეწყვილეებსაც კი მკაცრად განცალკევებული სანადირო ტერიტორიები აქვთ.