„სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა... ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები…“ – ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადსა და ორი ვაჟის დედობაზე ისაუბრა. ტელეწამყვანი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.

„მე მეგონა, ოვი ცოტა გაბრაზდებოდა, როცა სახლში პატარა ძამიკო მოვიყვანეთ, მაგრამ პირიქით. ისეთ ადამიანობას გამოხატავს ძამიკოს მიმართ, მეც გაოცებული ვარ. როცა ჩვილი გაკივის და ჩვენ ნერვები გვეშლება, ოვი გვამშვიდებს: რას იზამთ, ეს პატარაა და იმიტომ ტირის, უნდა გავუგოთო. შეძლებისდაგვარად მეხმარება. თუ რამეს დავავალებ, მაშინვე მიკეთებს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ორი შვილის დედა ვიქნებოდი. წარმოდგენაში რომ მქონდა ქალბატონი დეიდა, ორი შვილით, ახლა მე ვარ ასეთი ქალბატონი, ორი შვილით.

ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ორი ბიჭის დედა ვიქნებოდი. სულ მეგონა, ვარდისფერბაფთებიანი, გაპრანჭული გოგო მეყოლებოდა. ახლა კი ერთი ველური ბიჭი მყავს და მეორე, ვნახოთ, როგორი ხასიათის იქნება. არასდროს იცი, სად აღმოჩნდები და რას გიმზადებს ცხოვრება, რა მოხდება. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა რაღაცები წარმომედგინა და სულ სხვა რაღაცები ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ, ასეთი ბედნიერი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. არ დამავიწყდება, ოვიზე რომ ვიმშობიარე, ვამბობდი, აღარასდროს გავაჩენ შვილსმეთქი. ახლა, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ვთქვი: ვნახოთ, იქნებ კიდევ ვიფიქრო შვილზე-მეთქი.

ზოგადად, ძალიან მიჭირს ორსულობა. მშობიარობა, ბევრისთვის რომ რთულია, ჩემთვის უმარტივესია, ორსულობა კი – ურთულესი პროცესი. ამიტომ, არ ვიცი კიდევ გავაჩენ თუ არა, პატარაც აღარ ვარ. სანამ შიო გაიზრდება, მეც ასაკი მომემატება და ალბათ, ორ ბიჭზე შევჩერდები. მერე, როგორც დედამთილი, ისე მოვუვლი შვილიშვილებს, იმედია, ამათ ეყოლებათ გოგოები“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.