1735070054
რატომ იხლართება საახალწლო ნათურები, თასმები, სადენები
ალბათ, იანვარში შენახული განათებები მომდევნო დეკემბერს თქვენც ხშირად გხვდებათ ხოლმე გაკვანძული. ამაზე სინამდვილეში ფიზიკის კანონები, კონკრეტულად კი თერმოდინამიკის მეორე კანონი აგებს პასუხს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ეს კანონი ენტროპიის სახელით ცნობილ სიდიდეს, ანუ სისტემის უწესრიგობის ხარისხს უკავშირდება. იზოლირებულ სისტემაში (როგორიც თუნდაც ჩვენი სამყაროა) ენტროპია ყოველთვის მატულობს, შესაბამისად კი სისტემებს ქაოსისაკენ სწრაფვა ახასიათებს. საგნები იშლება, ჩვენ ვბერდებით, საახალწლო განათებები კი - თუნდაც აკურატულად შენახული - მაინც ერთმანეთში იხლართება. მიუხედავად ამისა, გაკვანძვა მხოლოდ ქაოსის მიერ მართული სწორხაზოვანი მოვლენა არ არის. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის უკან კომპლექსური მათემატიკა დგას.
კერძოდ, თეორია თასმებისა, რომლებიც შერხევისას იკვანძება, 2007 წლის კვლევის ფარგლებში შეისწავლეს. იგი ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა და 2008 წელს ფიზიკის დარგში Ig ნობელის პრიზი (ნობელის პრიზის იმიტაცია, რომლითაც ყოველწლიურად უჩვეულო სამეცნიერო ნაშრომები ჯილდოვდება) მიიღო. ნაშრომს "აგზნებული თასმის სპონტანური გაკვანძვა" ეწოდება, მისი ავტორები კი დორიან რეიმერი და დუგლას სმითი არიან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერები სხვადასხვა სიგრძის თასმებს დააკვირდნენ სხვადასხვა ზომის ყუთებში, რომლებიც სხვადასხვა სიჩქარით სხვადასხვა რაოდენობის ბრუნს ასრულებდა. მათ 3 415 ცდა ჩაატარეს, შედეგად კი აღმოაჩინეს, რომ თასმაში კომპლექსური კვანძები ჩნდებოდა, თანაც ზოგჯერ სულ რამდენიმე წამშიც კი. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია თასმის მინიმალური სიგრძე (46 სანტიმეტრი) და ყუთში სამოძრაოდ საკმარისი სივრცის არსებობა.
უნდა აღინიშნოს, რომ, მათემატიკურად, მოძრაობებს შემთხვევითი ნაბიჯებისაგან წარმოებული პროცესი არ განაგებდა. ეს უბრალოდ ქაოსი არ ყოფილა, თუმცა კვანძების ფორმირებაში შემთხვევითობა მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.
ყუთში მოთავსებული თასმების უჩვეულო ქცევა მხოლოდ მათემატიკასა და საახალწლო განათებების ჩახლართვას არ უკავშირდება. მაგალითად: დაახლოებით ასევე ფორმირდება კვანძები ვირუსების გენეტიკურ მასალაში.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1735050074