პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წარმატებული მოდელის, მარიამ მანაგაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მარიამი საცხოვრებლად და სამუშაოდ დუბაიში გადავიდა და საკუთარი თავი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. „თბილისელებთან“ კი იმის შესახებ საუბრობს, როგორ დაიწყო მოდელის კარიერა დუბაიში.
„როგორც იცით, დუბაიში გამართულ „ექსპო 2020-ზე” პირველი ადგილი ავიღე „Miss Model of the World-ზე“. ამ კომპანიამ ორი თვის შემდეგ ისევ მიმიწვია გადაღებებზე. კომპანიის მფლობელთან, მის ანასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. დაინახა, რომ ძალიან შრომისმოყვარე და სანდო ადამიანი ვარ და ნოემბერში კომპანიამ საუკეთესო რამ, დუბაიში, მათ ოფისში მუშაობა შემომთავაზა: როგორც „Miss Model of the World-ის“ ტოპ-მოდელს მთხოვეს, გავმხდარიყავი მათი კომპანიის სახე და წარმომადგენელი. უპირველესად კონტრაქტს გავეცანი და ძალიან კარგ პირობებს მთავაზობდნენ, ამიტომ დავთანხმდი.
ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, დუბაიში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გამიფორმეს. კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 15 დღით შემიძლია ჩამოსვლა. საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, დილის 7-ზე გასული სახლში საღამოს 7-ზე ვბრუნდები და დღის განმავლობაში, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებ. სახლში მარტო ვარ და კონტაქტი არავისთან მაქვს. გარეთაც მარტო არ მიშვებენ, რადგან მათ აიღეს ჩემზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ზრუნავენ კიდეც, რაც ძალიან მომწონს - დღეს მოლში ვიყავით და ხელის დასაბანადაც კი არ გამიშვეს მარტო, თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულიცაა“,- ამბობს მოდელი.
როგორც მოდელი აღნიშნავს, პირადი ურთიერთობის გამო საქართველოში მხოლოდ ცეკვით იყო დაკავებული, ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაც ამ ფაქტორმა გაუადვილა.
„ბოლოს მხოლოდ ცეკვა მქონდა დარჩენილი და მართლა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა „სუხიშვილების“ გოგონებთან გამომშვიდობება. თუმცა სხვა ყველაფრისთვის უკვე თავი მქონდა დანებებული და გულწრფელად ვიტყვი, მინდოდა იმ ნეგატივს მოვშორებოდი, საქართველოში ასე დიდი დოზით რომ არის. ეს შემოთავაზებაც ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავდექი და ახალი ცხოვრებისკენ გადავდგი ნაბიჯი“,- აღნიშნავს მარიამი.