ჯეიმს კემერონმა ექსპერტი დაიქირავა, რათა დაამტკიცოს, რომ დიკაპრიოს გმირი „ტიტანიკიდან“ ვერ გადარჩებოდა

ტიტანიკი

„ტიტანიკის“ რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა გადაწყვიტა წერტილი დასვას მრავალწლიან კამათში, რომელიც მისი ლეგენდარული ფილმის ფინალს ეხება. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი ლეონარდო დიკაპრიოს გმირის, ჯეკის სიკვდილის სცენაზეა. საქმე ისაა, რომ ფილმის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯეკის გადარჩენა შესაძლებელი იყო. კემერონმა თავისი სცენარის სისწორის დასამტკიცებლად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და კასკადიორები დაიქირავა, შემდეგ კი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც ტივზე გდაღებული სცენა გამეორდა.

რეჟისორის თქმით, ექსპერიმენტში 2 კასკადიორი მონაწილეობდა, რომელთა წონაც ფილმში მთავარი როლების შემსრულებლების - კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს სხეულების მასას შეესაბამებოდა. ისინი წყალში მოათავსეს და სხვადასხვა ტესტი ჩაატარეს. კემერონი ამტკიცებს, რომ ყველა კვლევამ დაამტკიცა - ასეთ პირობებში ორივე ადამიანი ვერ გადარჩებოდა, მხოლოდ ერთი მათგანი.