იყიდება ნაგავი, რომელიც ტეილორ სვიფტის ქორწილზე შეაგროვეს - ფასი 25 დოლარიდან 100 დოლარამდეა

ტეილორ სვიფტი

ნიუ-იორკში მცხოვრებმა მხატვარმა ჯასტინ ჟინიაკმა კიდევ ერთხელ მიიქცია საზოგადოების ყურადღება უჩვეულო პროექტით. ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დღეს მან მედისონ სკვერ გარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე შეგროვებული ნაგავი კოლექციურ ექსპონატებად აქცია.

ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთები – ბოთლების თავსახურები, სიგარეტის ნამწვები, ქაღალდები და სხვა ნარჩენები – მხატვარმა სპეციალურ გამჭვირვალე ყუთებში მოათავსა და გასაყიდად გამოიტანა. თითოეული „ექსპონატის“ ფასი 25-დან 100 დოლარამდეა.

პროექტმა განსაკუთრებული პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჟინიაკმა TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ტერიტორია გაცილებით სუფთა აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა, თუმცა მაინც იპოვა არაერთი საინტერესო ნივთი, მათ შორის დაკარგული AirPod.

ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი ოვულაციის ტესტმა გამოიწვია, რომელიც ერთ-ერთ ყუთში აღმოჩნდა. მხატვარმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ეს „შესაძლოა წყვილისთვის რაიმეს მანიშნებელი იყოს“. სწორედ ეს ექსპონატი ყველაზე სწრაფად გაიყიდა.

ჯასტინ ჟინიაკი მსგავს პროექტზე უკვე 25 წელზე მეტია მუშაობს. მისი „New York City Garbage“ (ნიუ-იორკის ნაგავი) 2001 წელს დაიწყო, რათა ეჩვენებინა, რამდენად დიდ გავლენას ახდენს შეფუთვა ადამიანების აღქმაზე. მისი აზრით, თუ ნივთი სწორად არის წარმოდგენილი, ადამიანები ნაგავშიც კი გადაიხდიან ფულს.

თავდაპირველად მხატვარი ნაგვით სავსე ყუთებს მხოლოდ 5 დოლარად ყიდდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი ღირებულება გაიზარდა და დღეს ისინი კოლექციურ ხელოვნების ნიმუშებად მიიჩნევა. დღემდე ჟინიაკს 1 700-ზე მეტი ასეთი ექსპონატი აქვს გაყიდული.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მხატვარი ისტორიული მოვლენების „კვალს“ ნაგავში ინახავს. მისი კოლექციები მოიცავს ბარაკ ობამას პირველი ინაუგურაციის, ნიუ-იორკში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის დღისა და 2009 წლის მსოფლიო ბეისბოლის სერიის შემდეგ შეგროვებულ ნარჩენებსაც.

ჟინიაკის თქმით, თითოეული ასეთი ყუთი „დროის კაფსულაა“, რომელიც კონკრეტული ისტორიული და კულტურული მომენტის უნიკალურ კვალს ინახავს.