იაპონიაში ტრადიციული „შიშველი ფესტივალი“ ჩატარდა

შიშველი ფესტივალი

იაპონიაში ტრადიციული „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ ღონისძიებაზე თითქმის შიშველი კაცები წმინდა თილისმების მოპოვებას ცდილობენ.

Japan Today-ის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა: სამმა მათგანმა გონება დაკარგა, ხოლო კიდევ სამი საავადმყოფოში გადაიყვანეს ტრავმებით, რომლებიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

ფესტივალი ოკაიამაში, საიდაიძის ტაძარში ჩატარდა. თავდაპირველად, მონაწილეებს „განწმენდის“ მიზნით ყინულიანი წყალი გადაავლეს. შემდეგ მათ ტრადიციული თეთრი სახვევები შემოიხვიეს და მთავარი დარბაზისკენ გაემართნენ. იქ კი ელოდებოდნენ მომენტს, როდესაც მათ 2 წმინდა თილისმას - 4x20 სმ ზომის ხის ჩხირებს გადმოუყრიდნენ.

2016 წელს „შიშველი ფესტივალი“ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად იყო აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე ადამიანები ტრავმებს თითქმის ყოველ წელს იღებენ, 2007 წელს კი ფესტივალზე ერთი ადამიანი დაიღუპა.