„დედა და მამა დაშორებულები არ ყოფილან, მამა რომ ჩავიდა ამერიკაში, იქ გარდაიცვალა“ - სოფია კვინიკაძე, მამაზე პირველად საუბრობს

სოფია

სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე გამომწერებს მამის შესახებ უყვება, რომელიც ერთი წლის წინ დაეღუპა. 

„ბევრმა არ იცის, რომ მამა გარდაცვლილი მყავს. მისი ფოტო ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე. მამა ახლახან გარდაიცვალა, წლისთავიც ახლახან გვქონდა. 23 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა და დედამ საკურთხი გაუკეთა. მანამდე ამერიკაში წავიდა, იქ ახალი ჩასული იყო, სანამ რუსეთში ცხოვრობდა. დედა და მამა დაშორებულები არ იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

ბოლო რამდენიმე წელი დედასთან ერთად გავატარეთ. თუმცა, სანამ უნივერსიტეტს დავამთავრებდი, დედა ჩემთვის თითქმის უცხო ადამიანი იყო – მას მხოლოდ ზარებით ვიცნობდი. მე-2 კლასის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის.

ბევრს არ ესმის, რამდენად მძიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს ემიგრაციას ოჯახზე, ბავშვების აღზრდასა და ურთიერთობებზე. ჩვენმა ოჯახმაც ეს მძიმე გამოცდილება გაიარა – ფაქტობრივად, დაიშალა. დედასთან კონტაქტი შევინარჩუნეთ, რადგან დედის მხარეს ვიყავით დარჩენილები, მაგრამ მამასთან ურთიერთობა გაგვიცივდა. შემდეგ, როცა გავიზარდე, მეც ხშირად მიწევდა ქვეყნიდან წასვლა და დაბრუნება. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - ამბობს სოფია ვიდეოში.