დაკოტა ფენინგის თქმით, ტომ კრუზი ყოველ დაბადების დღეზე საჩუქარს უგზავნის

დაკოტა და ტომი

War of the Worlds-ის პრემიერა 2005 წელს შედგა, თუმცა ფილმის საინტერესო სიუჟეტი ფანებს დღემდე კარგად ახსოვს. War of the Worlds 3 ოსკარზე იყო ნომინირებული, მთავარ როლებში კი დაკოტა ფენინგი და ტომ კრუზი ვიხილეთ. როგორც აღმოჩნდა, ფილმის გამოსვლიდან დღემდე ტომ კრუზი დაკოტას დაბადების დღეებს უსაჩუქროდ არ ტოვებს.

Harper’s Bazaar-ის ინტერვიუში, რომელშიც დაკოტა ფენინგი და ენდრიუ სკოტი ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობდნენ, ერთ-ერთი კითხვა დაკოტას პირველ მობილურ ტელეფონს ეხებოდა. ენდრიუს თქმით, დაკოტას პირველი მობილური ტელეფონი ტომ კრუზმა აჩუქა, რაც მსახიობმაც დაადასტურა.

2005 წელს, როცა War of the Worlds-ში დაკოტა და ტომი ერთად მონაწილეობდნენ, დაკოტა 11 წლის გახდა, ტომმა კი დაბადების დღეზე მოტოროლას ტელეფონი აჩუქა. როგორც დაკოტა იხსენებს, მისთვის ეს მართლაც დაუვიწყარი საჩუქარი იყო.

"ღმერთო ჩემო, ძალიან აღელვებული ვიყავი. იმ დროს მობილური ტელეფონით დარეკვა და შეტყობინების გაგზავნა დიდად არავის სჭირდებოდა და ზუსტად ვერ ვხვდებოდი, რამდენად სასარგებლო საჩუქარი იყო. თუმცა 11 წლის ვიყავი და ძალიან მომწონდა, თავიც ძალიან მაგარი მეგონა", — ამბობს დაკოტა ინტერვიუში.

დაკოტას თქმით, ამ დაბადების დღიდან მოყოლებული ტომ კრუზი ყოველ დაბადების დღეზე ასაჩუქრებს. თუმცა ტომი ჰოლივუდის ერთადერთი ცნობილი მსახიობი არაა, რომლისგანაც დაკოტას დასამახსოვრებელი საჩუქარი მიუღია. გასულ თვეში დაკოტას მსახიობმა კურტ რასელმა ცხენი აჩუქა.