არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა - ზენდეია

ზენდეია

უკვე დიდი ხანია, მაყურებელი Euphoria-ის მე-3 სეზონს ელის. ბოლო ინფორმაციით, Euphoria-ს მე-3 სეზონს 2025 წლამდე ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა იყო, რომელსაც Euphoria-ის შემქმნელი, სემ ლევინსონიც შეუერთდა.

Variety-სთან ახლახან მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც ზენდეიამ Challengers-ზე ისაუბრა, მსახიობს Euphoria-ის გაგრძელებაზეც დაუსვეს კითხვა. მსახიობის თქმით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს და არც მასზე არის დამოკიდებული.

„არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა. რა თქმა უნდა, რუს როლის თამაში ისევ მსურს. თუ პერსონაჟების განვითარებაც და ყველაფერი დანარჩენიც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მინდა სერიალის დაბრუნება", — განაცხადა მსახიობმა ინტერვიუში. 

Euphoria-ის მე-3 სეზონის დაგვიანებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიდნენ. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, სერიალზე მუშაობას იმიტომ ვერ იწყებდნენ, რომ სცენართან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. კერძოდ, სემ ლევინსონს მე-3 სეზონში (როცა სიუჟეტი 5 წლის შემდეგ ვითარდება) სურდა, რომ რუ დეტექტივი ყოფილიყო. ზენდეიამ კი შესთავაზა, რომ რუ, რომელმაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება დაამარცხა, სუროგატი დედა გამხდარიყო. ამ ყველაფერს მალევე სცენარისტთა გილდიის გაფიცვაც თან დაერთო.

შეგახსენებთ, რომ Euphoria-ის მე-3 სეზონის გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა განუსაზღვრელი დროით გადაიწია. Euphoria-ის მე-2 სეზონი 2022 წლის თებერვალში დასრულდა, ზენდეიამ კი მთავარი როლის შესრულებისთვის 2 ემი მოიპოვა. 2023 წლის აგვისტოში ფესკოს როლის შემსრულებელი მსახიობი ანგუს კლაუდი გარდაიცვალა და ჯერჯერობით მისი პერსონაჟის ბედიც უცნობია.