1753740087
„ვფიქრობ, ჩემს შედეგებზე ძალიან ბევრი გოგონა გაიზრდება და იფიქრებენ, რომ თუ მან შეძლო, ჩვენც შევძლებთ“ - ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა და უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა, „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ჩემპიონები“ მოსამზადებელ კემპზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პლანეტის პირველობაში უდიდესი როლი ფსიქოლოგის მხარდაჭერამ იქონია.
ძიუდოისტი ამბობს, რომ სურს მომავალი თაობისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს.
"მართლაც ძალიან კარგად ვიასპარეზე მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველაფერი ჩავდე იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ჩემპიონი და მადლობა ღმერთს, რომ ეს შრომა დამიფასდა. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში - ჩემს მწვრთნელებს, ჩემს მეუღლეს, ჩვენს ფედერაციას.
მოვლენების ამგვარ განვითარებას ველოდი და მზად ვიყავი ამ ყველაფრისთვის. გავიარე ძალიან კარგი შეკრებები და ყველანაირად მობილიზებული ვიყავი, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე, ძალისმიერად. ყველა აღნიშნავდა იმას, რომ დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა ვიყავი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინე. ვფიქრობ, აქამდე თავდაჯერება მაკლდა და ეს თავდაჯერებაც ბევრი ვარჯიშის შედეგად მოდის.
როდესაც ძალიან კარგი შეკრებები გავიარე, ძალიან კარგი მომზადება გავიარე, იმასაც მივხვდი, რომ უკვე შემეძლო გავმხდარიყავი ჩემპიონი. ამაზე ჩემი ფსიქოლოგიც მუშაობდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ვიპოვე ჩემი პლუსები, მინუსები და ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ჩამოყალიბებულად და ჭკვიანურად ვიჭიდავე. მე თვითონაც დავიჯერე ჩემი თავის, ფსიქოლოგმა დამანახა, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, ძალიან ბევრი ივარჯიშო, თუმცა თუ ფსიქოლოგიურად კარგად არ შეხვდი მაგ შეჯიბრებას, შეიძლება დამწყებმა სპორტსმენმაც დაგამარცხოს. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრე ძალიან მშვიდად ვიყავი, აუღელვებლად ვჭიდაობდი. ვიცოდი, რომ ის დღე ჩემი იყო, მე მეკუთვნოდა, იმ დღეს მე უნდა გავმხდარიყავი ჩემპიონი და ოქროს მედალს ვერავინ წამართმევდა.
ძალიან გახარებული ვარ, რომ მოვახერხე საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა საზღვრებს გარეთ, ჩვენი დროშა ყველაზე მაღლა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ჩემს შედეგებზე ძალიან ბევრი გოგონა გაიზრდება და ექნებათ საფიქრალი ის, რომ თუ ეთერ ლიპარტელიანმა შეძლო, ჩვენც შევძლებთ", - აღნიშნა ეთერ ლიპარტელიანმა.