„უცნობი მეკარიდან გიგანტამდე...“ - რას წერს ინგლისური პრესა მამარდაშვილზე

მამარდა

გადაჭარბების გარეშე შეიძლება იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილი ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელებისა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის მთავარი კანდიდატია.

„ვალენსიას“ და საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერმა თურქებთან პირველ ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ჩეხებთან მატჩის MVP გახდა, ხოლო გუშინ პორტუგალიელებს რამდენიმე ურთულესი ბურთი აუღო.

ინგლისურ გამოცემებში მის „ნიუკასლში“ ტრანსფერთან დაკავშირებით სიახლეები არაფერი დაწერილა, თუმცა მამარდა საკმაოდ დეტალურად იყო დახასიათებული.

რა წერია ქართველ მეკარეზე

„გიორგი მამარდაშვილისთვის პორტუგალიასთან მატჩი ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რიგით მე-19 შეხვედრა იყო და ხუთ შემთხვევაში მას საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული. 198 სანტიმეტრი სიმაღლის მამარდაშვილი რამდენიმე დღის წინ ტურნირის ყველაზე მაღალი მეკარე იყო, ახლა კი თავის პოზიციაზე მთლიან შეჯიბრებაში საუკეთესოა.

სამ ტურში მას უკვე 21 სეივი დაუგროვდა და აქედან 11 შემთხვევაში საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

„ვალენსიას“ მშვენიერი შესაძლებლობა ექნება თავის დროზე 850 ათას ევროდ დამატებული უნიჭიერესი ფეხბურთელი 50-ჯერ ძვირად გაყიდოს და აღებული ფულით სხვადასხვა პოზიციები გააძლიეროს.

თუმცა, მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის დასრულებას არ აპირებენ. შესაძლოა მათ ყველაზე მეტად არ გაუმართლათ იმ კუთხით, რომ მერვედფინალში მეტოქედ ესპანეთი შეხვდათ, მაგრამ ქართველმა ფეხბურთელებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ არავისი ეშინიათ“