VIDEO: „როგორი აჭიკჭიკებული ხარ...“ - რა სიურპრიზი გაუკეთეს მარიამს თურქეთში
1742906641
უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6:1 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში კი 9:1 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.
„ყოველთვის გვსურს, რომ საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. ამ ეტაპზე, აუცილებელი იყო B დივიზიონში დარჩენა. კმაყოფილი ვარ პირველი ტაიმით, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ. ძალიან მომეწონა მოედანზე შესული ფეხბურთელები.
მიქაუტაძე ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვფიქრობ, უფრო მაგარიც გახდება. ვიმედოვნებ, რომ უკეთესი სეზონები ექნება და თუ თავის კლუბში ასე თამაშს გააგრძელებს, მაშინ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. გოგლიჩიძე ძალიან მომეწონა, მაგრამ მასთან ერთად, ლოჩოშვილმაც პირველ მატჩში კარგად ითამაშა.
დღეს საბას გვერდით კაშია ჰყავდა და მისი პროფესიონალიზმი უფრო დაეხმარა. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დაცვაში სწორი მიმართულებით მივდივართ. საბას სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს, დანარჩენი კი მასზეა დამოკიდებული. ზაფხულში პრიორიტეტი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი იქნება. ახალგაზრდები სლოვაკეთში გაემგზავრებიან და ეს მათი გამოცდილებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
რაც შეეხება ბუდუს, ის ნაკრებს კარგად ეწყობა, მაგრამ მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სათადარიგოზე დატოვება შეუძლებელი იყო. მესმის, შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ ვეტყვი, რომ თავიანთ კლუბებში ფორმა შეინარჩუნონ და შანსს აუცილებლად მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდების ნაკრებს დავუპირისპირდებოდი.
ესპანეთს ბოლო რამდენიმე წელში ბევრჯერ ვეთამაშეთ და ამიტომ სიახლეებს ვისურვებდი. მაგრამ ამას საბოლოო მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. მთავარია მოედანზე მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშოთ. 3-4 წლის წინ გადავწყვიტე 3 მცველით მეთამაშა, რამაც გაამართლა.
ახლა გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი თავის კლუბებში ბევრს თამაშობენ და ეს ტაქტიკის შეცვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ფეხბურთში არასდროს იცი რა მოხდება... შესაძლოა, ტრავმები იყოს, ან სხვა ნიუანსები, მეტოქესაც გააჩნია... ამიტომ ბევრი სქემის დალაგებაა საჭირო,“ - განაცხადა მწვრთნელმა.